აია-სოფიას ტაძარი, რომელსაც ამ დრომდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და სამომავლოდ მეჩეთად გადაკეთდება, მორწმუნეებს 24 ივლისიდან მიიღებს, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ინფორმაციას Daily Sabah-ი ავრცელებს.
„ისევე, როგორც ყველა სხვა მეჩეთის შემთხვევაში, აია-სოფიას კარი ღია იქნება ყველასათვის, მათ შორის, თურქეთის მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. ვგეგმავთ, მეჩეთი მსახურებისთვის 24 ივლისს გავხსნათ. აია-სოფია თურქეთის იურისდიქციას ექვემდებარება. სასამართლო ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღქმული იქნება, როგორც ჩვენი სუვერენიტეტის რღვევა“ - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმამთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. შესაბამისად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.
წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და „იუნესკოს“ დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.
Imedinews