მეათე მოწვევის პარლამენტმა თავმჯდომარე აირჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა 86-მა დეპუტატმა მიიღო და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე ერთხმად დაამტკიცა.
„საკონსტიტუციო რეფორმის და მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს, მეცხრე მოწვევის პარლამენტი დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტრაფეტას გადასცემს ახალ მეათე მოწვევის პარლამენტს. მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს ოთხ წლიანი მუშაობისა და თანამშრომლობისთვის. საქართველო არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტი, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა. ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამონახვა გარეთ. პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეების გამოცხადებული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა, პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებზე, რომელიც 2 მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება ცნეს. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. სხდომა რეგლამენტით გათვალისწინებული დღის წესრიგით მიმდინარეობს.
imedinews.ge