მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე ჯგუფის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
ნდობის ჯგუფში ორი ადგილი საპარლამენტო ოპოზიციასაც ეკუთვნის, თუმცა მოცემულ ეტაპზე ისინი ამ შესაძლებლობას არ იყენებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ეს ნდობის ჯგუფის საქმიანობას ვერ შეაფერხებს.
„გვქონდა საორგანიზაციო შეხვედრა, რომელზეც გავწერეთ წლის გეგმა. ვისაუბრეთ კონკრეტულ აქტივობებსა და ვადებზე, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან მიმართულებებს. მაშ შორისაა შესაბამისი უწყებების წლიური ანგარიშების მოსმენა. ჩვენ ძალიან ეფექტურად და ინტენსიურად გამოვიყენებთ ზედამხედველობის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა წლის განმავლობაში, რეგულარულად, შესაბამისი უწყებების მოწვევა“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ.
პარლამენტის ნდობის ჯგუფში უმრავლესობის წევრები - ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი არიან წარმოდგენილნი. ნდობის ჯგუფი ზედამხედველობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან არის დაკავშირებული.
imedinews.ge