რამდენიმე დღეში ბათუმში შეფ გურამ ბაღდოშვილი ახალი რესტორნის პრეზენტაციას გეგმავს. Alliance Palace Batumi-ს შენობაში რესტორანი „ალიანსი“ პირველ ორ სართულს დაიკავებს და 250 სტუმარზეა გათვლილი. რესტორნის მოწყობისა და სამზარეულოს დანადგარების საინვესტიციო მოცულობამ, გურამ ბაღდოშვილის თქმით, ნახევარ მილიონ ევროს გადააჭარბა.
„მაქსიმუმ 10 დღეში გაიხნსება ჩვენი რესტორანი ღია სამზარეულოთი, ღია მაყალით. ბათუმში მსგავსი ტიპის რესტორანი ჯერ არ ყოფილა. „ალიანსი“ განსხვავებული იქნება ინტერიერითა და დიზაინით, მოხატულია ქართველი მხატვრის ნამუშევრებით. ადგილზე სტუმარს თავად შეუძლია იხილოს, როგორ მზადდება მისი კერძები, სტეიკები, პიცა თუ ხაჭაპური.
სტილი არის არტ- ნეოინდუსტრიალური - დიზაინი გადავწყვიტეთ პიკასოს, ვანგ გოგისა და მარკ შაგალის ინსპირაციით. რესტორანს აქვს ვერანდა-შუშაბანდი, რომელიც ასევე შეფუთულია ეგზოტიკური მცენარეებით და გარედან ველური შავი ბამბუკის გალავანი აქვს. რესტორნის ერთ ნაწილში პერიოდულად გამოიფინება და გაიყიდება ბესო კალანდაძის ნამუშევრები.
რესტორანი გათვლილია 200-დან 250 სტუმარზე. პირველ რიგში, ბათუმელებს ვაჩუქებ კიდევ ერთ წერტილს, სადაც შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს, დააგემოვნონ გემრიელი კერძები და ღვინისა და კოქტეილის დიდი არჩევანი ჰქონდეთ.
ჩემს ქვეყანაში პირველ რიგში აქცენტს შიდა მომხმარებელზე ვიღებ და ტურიზმი ყოველთვის მეორეხარისხოვანია. მე რესტორანს ვუხსნი ქართველებს და ტურისტებზე არ მაქვს გათვლა. ჩემი ხელწერა განსხვავდება ყველა სხვა რესტორნისგან, დიზაინით, ხარისხით და ვთვლი, რომ კონკურენტი არ მყავს არცერთ კუთხეში იმიტომ, რომ დიდ ინვესტიციას და ენერგიას ვდებ ამ სფეროში,“ - ამბობს შეფ მზარეული.
როგორც გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რესტორან „ალიანსის“ სამზარეულო მოიცავს როგორც ქართულ ასევე ინტერკონტინენტალურ კერძებს. თუმცა მისივე თქმით, მომხმარებელი ქართულ გასტრონომიას ითხოვს, შესაბამისად კერძების 80 პროცენტი ადგილობრივია.
მარიამ მორგოშია