მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან, ყოველდღიური ინფიცირების ზრდის პარალელურად, გაიზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობაც.
„პაციენტების მომართვიანობის ზრდა შესამჩნევია, მაგრამ არა ისე, როგორც სხვა ტალღების დროს იყო - მაგალითად, კლინიკის 2-3 დღეში გავსების პრეცედენტიც გვქონია. პროპორციულად იტვირთება თერაპიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. მოლოდინი უფრო მძიმე მაქვს, ვიდრე შეიძლება იყოს. 11, 12 და 20 ათასი ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, სამწუხაროდ, აუცილებლად იქნება მძიმე პაციენტებიც. ეს არის დაავადება და ვირუსი, რომლის დროსაც, შეიძლება, სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც დრამატულად დამძიმდეს და მისი შემთხვევა ცუდად დასრულდეს“, - აცხადებს ლიკა მუმლაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 967 585, გარდაიცვალა 14 732 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge