„დელფინარიუმი თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივნისს გაიხსნა, ამჟამად მსურველებს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ვმასპინძლობთ, 16:00 საათზე, სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დავამატებთ წარმოდგენებს. ბილეთის ფასი არ შეცვლილა.ამ ეტაპზე, ტრადიციულად, სრული ანშლაგია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ, რადგან რეკომენდაციების თანახმად ადგილების გამოტოვებით იყიდება შოუს ბილეთები, რომლის შეძენაც მსურველებს სალაროს გარდა, ჩვენს საიტზე, ონლაინ რეჟიმშიც შეუძლიათ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბათუმის დელფინარიუმისა და აკვარიუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა და შოუს წამყვანმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე სეზონის დროს, ბათუმის დელფინარიუმში დღის განმავლობაში 3 შოუ იმართებოდა და ძირითადად ანშლაგით, ახლა კი მხოლოდ ერთია და ისიც ბილეთების მხოლოდ ნახევარის გაყიდვა ხდება. გარდა ამისა, ბერდია კუტუბიძის განმარტებით, შეჩერდა დელფინებთან ცურვის სერვისი და მომდევნო თვეების განმავლობაში, დელფინებთან ინტერაქტივი გაუქმებულია.
„დელფინარიუმისა და აკვარიუმის ყველა თანამშრომელი გადის თერმოსკრინინგს, სხვა დანარჩენ რეგულაციას (დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით ხელების ხშირი დამუშავება და ა.შ.) ჩვენი სამსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, წლებია უკვე, აქტიურად თავისთავად ვიყენებთ. ვიზიტორები ღია სივრცეში ანუ დელფინარიუმში თერმოსკრინინგს არ საჭიროებენ, ისინი უბრალოდ ტერიტორიაზე განთავსებულ მანიშნებლებზე მითითებულ რეკომენდაციებს იცავენ. რაც შეეხება ბათუმის აკვარიუმს, სტუმრები აქ პირდბადითა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ შედიან.
დელფინების შოუ, ოდნავ სახეცვლილია - ვიზიტორებთან კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდულია, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბინადრების, თანამშრომლებისა და კვლავ, ჩვენივე სტუმრების უსაფრთხოების ზომების პრევენციითაა განპირობებული. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს, შეჩერდა დელფინებთან ცურვის სერვისი. მსოფლიო პანდემიით გამოწვეული საყოველთაო შეზღუდვების მოხსნამდე, მომდევნო თვეების განმავლობაში, დელფინებთან ინტერაქტივი გაუქმებულია.
ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ ტურისტული ნაკადის მატებასთან ერთად, მოთხოვნა გაიზრდება და წარმოდგენებსაც დავამატებთ“, - განმარტავს ბერდია კუტუბიძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში დელფინარიუმმა მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით 30 ივნისიდან განაახლა.
ნინო თამაზაშვილი