რუსეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის სამინისტრო ილონ მასკს მოსკოვში იწვევს, რათა იქ “ტესლას” ქარხნის გახსნა განიხილონ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასკს შეუძლია რუსეთში სახელმწიფო დახმარების პროგრამით ისარგებლოს.
”ჩვენ დიდად ნასიამოვნები ვართ, რომ შევიტყვეთ თქვენ განიხილავთ ქარხნის აშენებას რუსეთში”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გაკეთებულ ტვიტში.
ამ ტვიტამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკელმა მილიარდერმა გააჟღერა, რომ “ტესლა” იკვლევს რუსეთში და მეზობელ ქვეყნებში ელექტრომობილების გაყიდვის შესაძლებლობებს – მათ შორის იქ წარმოების ცენტრის გახსნას.
”ჩვენ გვაქვს ადგილობრივი წარმოებისთის დახმარების მრავალი ღონისძიება”, – დასძინა სამინისტრომ და სამხრეთ აფრიკაში დაბადებულ მეწარმეს რუსეთში ვიზიტისკენ და მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
მასკი, რომელიც არასდროს მალავდა აღტაცებას საბჭოთა და რუსული მიღწევებით კოსმოსის კვლევა-ძიების კუთხით, დიდი ხანია მხარს უჭერს უფრო აქტიურ დიალოგს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
”რუსეთში ბევრი ნიჭი და ენერგიაა”, – თქვა მასკმა პარასკევს, რუსეთის ”ახალი ცოდნის” საგანმანათლებლო ფორუმზე ვიდეო ბმულით საუბრისას.
BFM.GE