ჰორეკას სექტორში კრიზისი პანდემიის გამო ობიექტების სრულად დახურვიდან დაიწყო, დღემდე გრძელდება და მათი დიდი ნაწილი ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამას მოწმობს დედალაქის ცენტრში ჩაბნელებული ცნობილი კაფე-რესტორნები და სხვა კვების ობიექტები. დაიხურა თუ არა საბოლოოდ ის რესტორნები, სადაც თვეებია კარზე ჰკიდია აბრა „დაკეტილია“ და რა ელოდება კვების სექტორს ტურისტების გარეშე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ ისაუბრა.
გაბრიჩიძე განმარტავს, რომ უმსხვილესი ობიექტები, რომლებიც ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი წერტილები იყო, დღეს ოპერირებას ვერ აგრძელებენ.
„რესტორნების 70% არც კი გახსნილა, უბნები ნახევრად ჩაბნელებულია. გაიარეთ ერეკლეს ქუჩაზე და შარდენზე, ყველაფერი დახურულია. ყველანი არიან გაკოტრების პირას, უბრალოდ ამის შესახებ არ ყვირიან.
„დაუნთაუნი“ დახურულია და აღარც გაუხსნიათ. „მარკო პოლო“ ერთერთი პირველია მათ შორის, მაგრამ ყველანი ძალიან ცუდ დღეში არიან.
საღამოს გაიარეთ ამ უბნებში, ტაბიძის ქუჩაზე სამი ობიექტი მუშაობს, დანარჩენი ჩაბნელებულია.
ზოგის პატრონი ცდილობს რომ გააქირავოს, ზოგმა დაცალა და წავიდა, ხოლო ზოგან ინვენტარი დევს და პატრონი ინვენტარიანად აქირავებს.
ფრენების აღდგენის არანაირი ილუზია არ მაქვს, პირველი ოქტომბრის მერე მოვა პირველი ნოემბერი და პირველი მაისი. ქვეყანას ტურისტების მიღება არ უნდა. საბოლოო ვერდიქტი დაუსვეს - ვიქნებით ჩრდილოეთ კორეა, რომელსაც მხოლოდ შიდა ტურიზმი აქვს, იდეალური სისუფთავე იდეალური სიწმინდე, არც არავინ შემოვა და არც არავინ გავა.
აღარ არსებობს რამე დახმარების მიღების ილუზიაც, დავწყნარდით ჩვენც, ვიცით რომ მთავრობისგან არანაირი დახმარება არ არის, არაფერი არ ხდება საერთოდ და არის სასაფლაოს იდეალური სიწყნარე,“ - განმარტავს კოტე გაბრიჩიძე.
8 ივლისიდან საქართველოში რესტორნები სრული დატვირთვით გაიხსნა. ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.