Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის მისი პლატფორმა არ აპირებს პოლიტიკოსების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების, როგორც დეზინფორმაციის შემცველის მონიშვნას.
ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში Facebook-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ Twitter-სგან განსხვავებით მას განსხვავებული პოლიტიკა აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ Facebook-ი არ უნდა იყოს ჭეშმარიტების არბიტრი იმ ყველაფრისა, რასაც ხალხი ინტერნეტში ამბობს. ვფიქრობ, ზოგადად, კერძო კომპანიები, განსაკუთრებით სოციალური მედიის პლატფორმის კომპანიები, ალბათ, არ უნდა აკეთებდნენ ამას“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.
აქამდე დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი Twitter-ი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულა.
მიზეზი თეთრი სახლის ლიდერის ერთ-ერთი პოსტი გახდა, რომელშიც ტრამპი ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემის წესის შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მსგავსი რეგულაციების შემოღება ხმების მასობრივ ფალსიფიკაციას შეუწყობდა ხელს.
მოგვიანებით მის პოსტზე გამაფრთხილებელი ნიშანი გაჩნდა, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებს. ტრამპის მტკიცებით, Twitter-მა მისი მოსაზრების საფუძვლიანობაში ეჭვი CNN-ის, „ვაშინგტონ პოსტისა“ და სხვა „ფეიკ-წყაროების“ გავლენით შეიტანა.
Imedinews