არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრებათ.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ექიმების მიერ რისკჯგუფებს, თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ამ ინფექციის გართულება თითქმის ნოლია“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ-სასტუმროში - 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge