მარინა ენდელაძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში 16 კრიტიკული პაციენტია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება გამორიცხულია, რადგან ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მაქსიმალურად ხორციელდება.
„ჯერჯერობით ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ქვეყანაში მდგომარეობა საყურადღებოა და არა საგანგაშო. მართალია ციფრები დიდია, მაგრამ ეს დრამატული მატება არ არის“, - აცხადებს მარინა ენდელაძე.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge