მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის- ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა შიდა ტურიზმის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.
“ სანამ საზღვრების ეტაპობრივი გახსნა მოხდება და მოეწყობა უსაფრთხო დერეფნები, ჩვენ მაქსიმალურად გვინდა ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიას იმ შემოსავლების მიღებისთვის რომლის გენერირებაც შესაძლებელია შიდა ტურიზმიდან.
რა თქმა უნდა შიდა ტურიზმი საერთაშორისო მოგზაურთა დანახარჯებს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ეკონომიკაში შიდა ტურიზმს ყოველთვის ჰქონდა თავისი წილი და აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ პოზიტიური მოლოდინები. საკმაოდ აქტიურად მოხდება განთავსების ობიექტების, ადგილობრივი გიდების ჩართვა. ჩვენ უკვე ვხედავთ ტენდენციებს რაზეც ტურიზმის ადმინისტრაცია მუშაობს. მიმდინარეობს საუბარი, რომ ტურისტული პროდუქტების კუთხით ახალი ინტერესი გაჩნდეს, ეს იქნება სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო-ტურიზმი. აქედან გამომდინარე ის ყველა აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით აკეთებდა დღეს კიდევ უფრო რელევანტულია და ეს სამუშაოები გაგრძელდება.”- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის დახმარების პაკეტის შესახებ ისაუბრა.
“ ჩვენ ყოველთვის პირდაპირი დიალოგი გვაქვს კერძო სექტორთან, ძლიერი ტურიზმის ინდუსტრია ნიშნავს ძლიერ კერძო სექტორს ამიტომაც ყველა გადაწყვეტილება დამყარებულია და დამოკიდებულია იმ უკუკავშირზე რასაც ჩვენ ვიღებთ ინდუსტრიისგან. ინდუსტრიაში ჩვენ ვსაუბრობთ ყველასთან,ესენი არიან: გიდები, სატრანსპორტო კომპანიები, ტურისტული კომპანიები,რომლებიც ასევე დივერსიფიცირებულნი არიან და შესაბამისად მათი საჭიროებებიც განსხვავებულია, ასევე მცირე,საშუალო საოჯახო თუ ბრენდული ქსელების სასტუმროებთან. აქედან გამომდინარე ძალიან მიზნობრივი იქნება ის ახალი, განახლებული და მოდიფიცირებული დახმარების პაკეტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თავად დააანონსა გასულ კვირას. ჩვენ ვაგრძელებთ კერძო სექტორთან დიალოგს და მომდევნო კვირა ამ კუთხით განსაკუთრებით დატვირთული იქნება.”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.