დასავლური ინტერნეტ გიგანტები რუსეთის კანონმდებლობას არ ემორჩილებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც უპასუხა სააგენტო “რია ნოვოსტის“ შეკითხვას, დასავლური ინტერნეტ გიგანტების რუსეთის მიმართ „არამეგობრული“ დამოკიდებულების შესახებ.
„ინტერნეტი საერთო სივრცეა, თუმცა ვხედავთ, როგორ იქცევიან კომპანიები, რომლებსაც ინტერნეტ გიგანტებს ეძახით, კანონის ფარგლებს მიღმა, თუკი საუბარია ჩვენი ქვეყნის იურისდიქციაზე. ისინი ჩვენს გარემოში ოპერირებენ, მაგრამ, ამავე დროს არ ემორჩილებიან რუსულ კანონებს. მეტიც, ზოგჯერ პირდაპირ არღვევენ მათ, რაც მიუღებელია“, - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ფეისბუქმა“ ახალი ამბების სააგენტო TASS-ის, ასევე გამოცემა RBC -სა და Vzglyad-ის ზოგიერთი პოსტი დაბლოკა, სადაც საუბარი იყო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ვორონეჟში ჩატარებულ ოპერაციაზე, რომლის დროსაც, რუსული მედია საშუალებების განმარტებით, „უკრაინელი ულტრა მემარჯვენეების მხარდამჭერები“ დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო "როსკომნადზორი" კომპანია „ფეისბუქს“ მინიმუმ 1 მილიონი რუბლით (13 433 აშშ დოლარი) დაჯარიმებით დაემუქრა და ახალი ამბების სააგენტო TASS-ის, ასევე გამოცემა RBC -სა და Vzglyad-ის შინაარსებთან მომხმარებლების წვდომის აღდგენა მოსთხოვა. „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის წევრი, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინიც გამოეხმაურა.
”ვფიქრობ, ეს მიუღებელია და ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას არღვევს”, - განაცხადა ვოლოდინმა.
IPN.GE