რა თქმა უნდა, პირობა ძალაში რჩება - თუ ვინმე იპოვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, 1%-იან სიყალბესა და გადახრას საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან, ამ დროის განმავლობაში, ფრაგმენტულად ისმის, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია.
„ამ ვერსიის მიხედვით, „უკვე გვიანია“. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ დოკუმენტები უკვე გასწორებულია. შეუძლებელია, ჩვენ მათგან ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ. ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: თეორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო, მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ოპოზიციის წარმომადგენელი, კომისიის 11 ათასზე მეტი წევრის ხელმოწერა შეიძლება, იყოს გაყალბებული? თუ ეს 11 ათასზე მეტი ადამიანი, მუქარით ან მოსყიდვით, ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა? ველით მათგან პასუხებს და აქვე, მოვუწოდებთ, ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის იმ ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი დადგენილება პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
imedinews.ge