როცა ყველა ქვეყანას პანდემიის გამო ძალიან მძიმე პერიოდი უდგას, ძირეულ ცვლილებებზე ისედაც არ ფიქრობენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პროფესიონალ კადრებთან გვაქვს საქმე, რომლებიც კრიზისმენეჯმენტს კარგად გაუძღვნენ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან მომავალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის კომენტირებისას განუცხადა.
„გოჩა ლორთქიფანიძე არის პროფესიონალი კადრი და თავისი საქმის ძალიან კარგად მცოდნე ადამიანი. მე ვფიქრობ, გოჩა იქნება ძალიან კარგი მინისტრი და მისთვის უცხო ნამდვილად არ არის იუსტიციის სამინისტრო, სადაც იუსტიციის მინისტრის რანგში გააგრძელებს მუშაობას.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან პროფესიონალი კადრები, მათ ძალიან მძიმე პერიოდში, რომელიც პანდემიის გამო არის ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, შეძლეს, რომ კრიზისული მენეჯმენტი ეფექტურად განეხორციელებინათ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა მათ ბუნებრივია ექნებათ. ზოგადად, ასეთ სიტუაციებში, როცა ყველა ქვეყანას პანდემიის გამო, ძალიან მძიმე პერიოდი უდგას, ძირეულ ცვლილებებზე ისედაც არ ფიქრობენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პროფესიონალ კადრებთან გვაქვს საქმე, რომლებიც კრიზისმენეჯმენტს კარგად გაუძღვნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემთხვევაში, მას შესაძლოა, ელისო ბოლქვაძემ უხელმძღვანელოს და აღნიშნა, რომ კონკრეტულ სახელსა და გვარს რაც შეეხება, ეს არის „ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი“.
რაც შეეხება კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას, როგორც მდინარაძე ამბობს, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გუნდში მუდმივად არის.
„მსგავს თემებზე მსჯელობა ახლაც მიდის, თვეების წინაც და სულ მიდიოდა. კულტურა იქნება, გარემო თუ ენერგეტიკა, სულ მიდის ხოლმე კამათი და ეს არ შეწყვეტილა არც ერთი დღე, მაგრამ მეორეა პრემიერი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე დაგიდასტურებთ მხოლოდ ერთს - ენერგეტიკის მიმართულებითაც იყო კამათი, გარემოს დაცვის მიმართულებითაც, კულტურის მიმართულებითაც“, - განაცხადა მდინარაძემ.
IPN.GE