მამუკა ბახტაძე – „ჩვენ რუმინეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობები“

მამუკა ბახტაძე – „ჩვენ რუმინეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობები“

access_time2019-04-15 16:20:44

„პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის, შეიძლება თამამად ითქვას, დღეს უმაღლეს დონეზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინეთში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვდრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„მოხარული ვარ, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები რუმინეთში, რომელიც საქართველოს გამორჩეულ პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.


ჩვენ რუმინეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობები. მეგობრობა ქართველ და რუმინელ ხალხს შორის საუკუნეებს ითვლის. ჩემთვის განსაკუთრებით სიმბოლურია დღევანდელი ვიზიტი, რადგან საქართველო და რუმინეთი წელს მეგობრობის 300-წლიან იუბილეს აღნიშნავენ.


ბუნებრივია, როდესაც ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის მეგობრობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ანთიმოზ ივერიელი, ვახტანგ VI, კონსტანტინე ბრინკოვიანუ. ფასდაუდებელია მათი წვლილი ქართულ-რუმინული ურთიერთობების განვითარების საქმეში.


ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი დიდი წინაპრების დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და დღეს გვაქვს უამრავი საერთო ინტერესი.


ჩვენ ამავე დროს ვართ უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულადაც არიან დაკავშირებული. შავი ზღვა გვიქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მეტი როლი ვითამაშოთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, არამედ სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში.


დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს არის სწორედ ის გზავნილი, რომლის მიტანას ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის წლების განმავლობაში ვცდილობდით, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შავი ზღვის კონტექსტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება.


მივესალმებით ვაშინგტონში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი პაკეტის დამტკიცების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ნატოს უფრო აქტიურ ჩართულობას და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს რუმინელ მეგობრებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის.



პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის, შეიძლება თამამად ითქვას, დღეს უმაღლეს დონეზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს ამბიციური დღის წესრიგი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც ბუქარესტში 2019 წლის 4 მარტს გაიმართა და რომელზეც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია მოამზადეს ერთობლივი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერ კიდევ საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდში ვიყავი ამ ახალი დერეფნის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამ ძალიან დიდი იდეის რეალიზაცია ხდება ეტაპობრივად.


განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პორტებისა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამასთან, ჩვენ გვაქვს ინოვაციური პროექტები ენერგეტიკაში, რომლებიც მოემსახურება ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას და საქართველოს როლის გაძლიერებას ამ მიმართულებით.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს - ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ღიად ვაფიქსირებთ. სწორედ საერთო ძალისხმევით და ურთიერთობების სტრატეგიულ განზომილებაში გადაყვანით მოვახერხებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განვითარებას, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რომლებიც, როგორც რუმინეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მართლაც სტრატეგიულია.


ჩვენ ვაფასებთ, ევროკავშირში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიურ ძალისხმევას, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა და კონცეფცია მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. პარტნიორობის 10 წლისთავზე, ყველა თანხმდება, რომ მრავალ სფეროში მიღწეულ იქნა ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ერთობლივი ძალისხმევით პარტნიორობაში ახალი დინამიკის, ახალი მუხტის შეტანის აუცილებლობა, რომლის მიზანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მეტი დაახლოება და ინტეგრაცია.


საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას. გვსურს, ინტეგრაციის, მათ შორის სექტორული დაახლოების ხარისხი გადავიყვანოთ ახალ, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე. ეს არის ჩვენს მიერ ბრიუსელში წარდგენილი საგზაო რუკის იდეა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და დარწმუნებული ვარ, რუმინელი მეგობრები ამ მიმართულებით აქტიურად დაგვეხმარებიან.


ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოში არსებული ძალიან მტკივნეული გამოწვევები. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.


ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის.


მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწორედ ჩვენს რუმინელ მეგობრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისათვის.


ქალბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა და ჩემი ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ურთიერთობები მის ყველა განზომილებაში ახალ დონეზე გადავიყვანოთ.


უღრმესი მადლობა საქართველოს ერთგული მეგობრობისთვის!“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.









ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“
access_time2019-06-17 12:00:20
ერთ თვეში ზუსტად ერთი წელი გავა, რაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ივანე მაჭავარიანმა დაიკავა. ის გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემაში იმყოფებოდა და Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის კითხვებს გასცა პასუხი. 18-წუთიანი ინტერვიუ ოთხ ძირითად საკითხს - “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმებას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს, ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვის...


მსგავსი სიახლეები

up