საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში კორონავირუსის მართვის მიმდინარეობასა და ვაქცინაციის პროცესზე.
„მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ, პირველ რიგში, დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის აცრა. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის ამბულატორიების აღჭურვა დაფინანსდება, - განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.
„ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე - პირველადი ჯანდაცვის სერვისებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.