მრავალჯერადი პირბადეების მწარმოებელი კომპანია, „ნანო მასკ საქართველო", საბავშვო პირბადეების წარმოებას გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი გოგეშვილი "მშობელთან" საუბარში აღნიშნავს, პირბადეები გაყიდვაში რამდენიმე დღეში შემოვა და მისი შეძენა საწყის ეტაპზე შარტავას 18 ნომერში იქნება შესაძლებელი.
"პირბადეების წარმოება ხდება ევროპაში. მრავალჯერადია. გარე შრე 5 მიკრონს შეადგენს, შუა შრე - 0,9, მესამე შრე კი 0,4. ჯერჯერობით შარტავას 18 ნომერში იქნება შესაძლებელი, მოგვიანებით კი გავა ისეთ ქსელში, როგორიცაა, მაგალითად, კარფური, ნიკორა და სხვა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს აფთიაქებთანაც და როგორც კი დასრულდება, ერთ-ერთ აფთიაქშიც შევა. თუ რომელში, ამას მოლაპარაკების პროცესი გვიჩვენებს".
კომპანია ორი წელია რაც პირბადეებს მოზრდილთათვის აწარმოებს და მისი ფასი 8 ლარია. საბავშვო პირბადის შეძენაც სწორედ ამ ფასში იქნება შესაძლებელი.
"ფასი 8 ლარია და მოთხოვნას ფასზე გავლენა არ მოუხდენია. შარშან და იმის წინაც ასე ღირდა. საბავშვოსაც იგივე ფასი ექნება. რაც შეეხება მოზრდილთა პირბადეებს, შეძენა წერეთლის პირველ ნომერსა და შარტავას 18 ნომერშია შესაძლებელი. მარაგი ჯერ გვაქვს, თუმცა უპროგნოზოა, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია", - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის, კომპანია აქამდე, მხოლოდ შავ პირბადეებს აწარმოებდა, საბავშვო პირბადეები კი ფერადი იქნება.
mshobeli.ge