საფრანგეთის მთავრობა ფრანგულ კომპანიებს მოუწოდებს, რუსული ბაზარი ნაჩქარევად არ დატოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, პარასკევს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 15-მდე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელებს საიდუმლოდ შეხვდა. შეხვედრაში საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და ფინანსთა, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
წარმოდგენილ კომპანიებს შორის იყვნენ Societe Generale, Airbus, Danone, Engie, Thales, Safran, Arianespace, Eramet, Air liquid, Auchan. გამოცემის ცნობით, გრაფიკის გამო პრეზიდენტთან და მინისტრებთან ელისეს სასახლეში შეხვედრაზე ვერ მივიდნენ Total-ის და L’oreal-ისხელმძღვანელები.
როგორც Le Figaro წერს, შეხვედრის მიზანი იყო იმ სირთულეების განხილვა, რომელთა წინაშე რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები წააწყდნენ, ასევე მდგრადობის გეგმების მომზადება, რომლის გამოცხადებაც მომავალ კვირაში იგეგმება. შეხვედრა ასევე იყო მთავრობის მხრიდან მსხვილი ფრანგული კომპანიებისთვის მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა რუსეთიდან უცხოური კორპორაციების მზარდი გასვლის ფონზე.
ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის მთავრობა დაინტერესებულია პუტინის მიერ გაჩაღებულ ომზე ევროკავშირის კოორდინირებული პასუხით. მედიასაშუალების შეფასებით, ეს კოორდინაცია საფრანგეთის სახელმწიფო მეთაურის ნამდვილი პოლიტიკური გამარჯვება გახდა და ის მის გამოყენებას აპირებს, ამიტომ პრიორიტეტს წარმოადგენს ეკონომიკური სანქციების გამოყენება და არა რუსეთიდან ნაჩქარევი გასვლა მთავრობასთან კონსულტაციების გარეშე.
„ჩვენ შეგვახსენეს, რომ თითოეული კომპანია თავისუფალია, თავად შეაფასოს თავისი ვითარება და აიღოს პასუხისმგებლობა რუსეთში საკუთარ სტრატეგიაზე“, – აცხადებს გამოცემასთან ელისეის სასახლეში გამართული შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი ბიზნესმენი. თუმცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, რომ კრიზისის დროს უფრო გონივრული ჩანს საქმიანობის შეჩერება, ვიდრე ქვეყნის ნაჩქარევად დატოვება ცალმხრივად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
როგორც Le Figaro წერს, მაშინ როდესაც ისეთმა ძვირადღირებულმა კომპანიებმა, როგორებიცაა Hermès, LVMH, Chanel და Kering, რუსეთში თავიანთი მაღაზიების დროებით დახურვის შესახებ გამოაცხადებს, ქვეყანაში წარმოება და მარკეტინგის შეწყვეტა არ სურთ ფართო საზოგადოებაზე ორიენტირებულ ფრანგულ კომპანიებს.
„ეს იქნებოდა რუსეთში ათასობით ჩვენი თანამშრომლისა და მათი ოჯახის წევრების დასჯა, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რუსეთის ხელისუფლებასთან“, – აცხადებს გამოცემასთან ერთ-ერთი ბიზნესმენი.
„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთხმად დაგმობის მიუხედავად, არც ერთ ფრანგულ ჯგუფს არ მიუღია რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილება, რაც კონტრასტულია ბოლო დღეებში ამერიკული და ევროპული მსხვილი კომპანიების რუსეთიდან გასვლის ტალღასთან შედარებით.
ფრანგული კომპანიები მიზეზად ასახლებენ რუსეთის მოსახლეობის წინაშე ვალდებულებებს, რომლებიც მათი თქმით, ასევეა კონფლიქტის მსხვერპლი. მაშინ, როდესაც ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ცვლილებების ნიშნებს არ ავლენს, ასევე კიევის მოსალოდნელი სასტიკი შტურმის ფონზე, რეპუტაციული რისკი ფრანგულ კომპანიებს არ ინდობს. ზოგიერთი მათგანი სულ უფრო უხერხულად გრძნობს თავს რუსეთის აგრესიის გაგრძელების გათვალისწინებით. თუმცა საფრანგეთსა და რუსეთს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური, უბიძგებს მათ, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ამისკენ მათ უბიძგებს ოფიციალური პარიზის პოზიციაც, რომელსაც ჯერ არ მოუთხოვია პუტინის რეჟიმთან ყოველგვარი ვაჭრობის შეწყვეტა. არც ერთ მათგანს, როგორც ჩანს, ჯერ არ გადაუწყვეტია, წერტილი დაუსვას ათწლეულების ურთიერთობებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.
1tv.ge