მაისში საქართველოს ექსპორტი 30.6%-ით, ხოლო იმპორტი 34.4%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ დღეს აქვეყნებს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა $234.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაისთან შედარებით $103.4 მილიონით (30.6%-ით) ნაკლებია.
ასევე მკვეთრად არის შემცირებული იმპორტიც, რომელმაც მიმდინარე წლის მაისის განმავლობაში $497 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით $260 მილიონით (34.4%) ნაკლებია.
„საქსტატის“ ინფორმაციით 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 206.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 235.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 970.8 მლნ. აშშ დოლარი (17.0 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1 735.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.