ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა, რომელსაც 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის სახელით კენჭისყრა სურს, Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამაზე 15 მილიონი დოლარი დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge ავრცელებს.
მისი მტკიცებით, Google-ის საძიებო სისტემაში „იმპიჩმენტის“, „კლიმატის ცვლილების“ ან „იარაღის ტარების გამკაცრების“ ჩაწერისას მომხმარებლები პირველ ვარიანტად მაიკლ ბლუმბერგის წინასაარჩევნო კამპანიის ვებგვერდს ხედავენ.
Google-ის ინფორმაციით, ნოემბერში წინასაარჩევნო რბოლაში ჩართვის შემდეგ 77 წლის ბლუმბერგმა პოლიტიკურ რეკლამაზე 14 849 500 დოლარი დახარჯა, წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებმა ჯამში 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ ნოემბერში განაცხადა. ის კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრის. ბლუმბერგის თქმით, მისი მიზნების დონალდ ტრამპზე გამარჯვება და ამერიკის აღორძინებაა.
Imedinews