საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური კომუნიკაცია პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტთან, რომელთანაც ძალიან ბევრი საერთო საკითხი გვაქვს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების დამუშავების თვალსაზრისით, ასევე პროექტების შეფასებისა და დაგეგმვის მიმართულებით“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სამინისტროს მიერ 2020 წლის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულების შესახებ, ერთობლივად განსახორციელებელ გეგმებზე და მათი შესრულებისთვის საჭირო სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე.
„ბევრი გვაქვს ერთობლივად გასაკეთებელი დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისა და რეგიონების განვითარების მიმართულებით, რასაც დიდი პოტენციალი აქვს ევროკავშირში ჩვენი წევრობის განაცხადის თვალსაზრისით. ეს არის ის მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, რომელსაც როგორც ჩვენ, ასევე საპარლამენტო კომიტეტი ერთად ვაწარმოებთ“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ საპარლამენტო კომიტეტთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.