საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს შეხვდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„მხარეებმა იმ პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, რომელიც ფრანგული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.
ესაა ჭიათურის საბაგიროს პროექტი, რომელიც საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ამჟამად ტესტირების დასკვნით ფაზაშია. საბაგიროსთვის რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ „POMA“ უზრუნველყო.
ხაშურში კი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტების განხორციელება იგეგმება.
ელჩის თქმით, ფრანგული კერძო კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და შესაბამის ტენდერებში მონაწილეობით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.