პარლამენტი არის ნდობის უმაღლესი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელიც ასახავს არსებულ განწყობებს, ხალხის გადაწყვეტილება და რეალობა კი არის ის, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობდეს ცხრა პარტია. შესაბამისად, ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ დიალოგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დასრულდება წარმატებით, - ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
”წლევანდელი არჩევნები გამოირჩეოდა მოქალაქეების მაღალი მონაწილეობით, რის შედეგადაც მივიღეთ პარლამენტი, სადაც ამომრჩეველმა თავისი ნდობა გადასცა 9 პარტიას. მრავალპარტიული წარმომადგენლობით მეათე მოწვევის პარლამენტი ყველა წინა პარლამენტისგან გამოირჩევა, არჩევნების შედეგები კი აღიარებულია ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავდით გარკვეულ ხარვეზებს ამა თუ იმ უბანზე, ყველა დამკვირვებელი ერთხმად თანხმდება, რომ ამ ხარვეზებს არ მოუხდენია გავლენა არჩევნების შედეგებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ISFED აღიარა დაშვებული შეცდომა და პარალელური დათვლის შედეგებიც ემთხვევა ცესკოს მონაცემებს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.