სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა, — ამის შესახებ პარლამენტში, მინისტრის საათზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
პირველი ვიცე–პრემიერის თქმით, ამ პროცესში სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ფიზიკური კავშირის გაუმჯობესება, მათ შორის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში, ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოვება ევროპულ დონესთან, ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციური დაახლოება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, უწყებამ პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა.