რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამაზე პასუხი დღეს ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება - დავეხმარებით ამდენათას ადამიანს, ამდენი ლარით, ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული.
ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც თუნდაც აპრილში შევძლებთ შევაფასოთ, რამდენმა ადამიანმა აღარ აიღო ხელფასი მარტში.
პირველ რიგში ვსაუბროთ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე. ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარებების პაკეტით, რომელიც შევთავაზეთ, ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არ გვეყოლება ბევრი ადამიანი, რომელიც დაკარგავს სამსახურს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მან თვითდასაქმებულებზეც ისაუბრა და უკვე გაწეულ დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება, ამის მაგალითად მან მოიყვანა როგორც კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები, ასევე - საბანკო შეღავათები.
imedinews.ge