შოვსა და უწერაში განსაკუთრებით ბევრი დამსვენებელი იყო, ტურიზმის ადმინისტრაცია გუშინვე საოჯახო და დიდ სასტუმროებთან მუდმივ კავშირზეა, ყველა სასტუმროდან ვიღებთ ინფორმაციას საჭიროებების თაობაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„არის დამსვენებლების ნაწილი, რომლებმაც დასვენების გაგრძელება გადაწყვიტა, არის ადგილები სადაც სტიქიის ზონა არ არის, ადამიანები იქ მშვიდობით იმყოფებიან, ამიტომ ბევრი დამსვენებელი არჩევს, რომ დასვენება განაგრძოს. ჩვენ დამსვენებლებს უზრუნველვყოფთ წამლებით, საკვებით, საწვავით“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, დღეს საღამოს შტაბის სხდომა გაიმართება, სადაც დღის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს შეაჯამებენ.
„შევაფასებთ თუ კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო და ხვალ გავაგრძელებთ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას იმისთვის, რომ ადგილზე გავეცნოთ მათ საჭიროებებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებული სოფლები მოინახულა.
რაჭაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც, განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ასევე წყალმა ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წაიღო.
imedinews.ge