პანდემიის პირობებში მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად მიყვება გააზრებულ და გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ვიცე–პრემიერმა აღნიშნა, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო იმ ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ განახორციელა და რომელიც მოიცავდა ბიზნესის მხარდაჭერის და სოციალურ პაკეტებს.
,, მოკლე პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ და 16% დან -0.7%-მდე შევამცირეთ ეკონომიკური ზრდის ჩამორჩენა, ეს იყო კარგად გააზრებული და ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერილი ღონისძიებების შედეგი“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
,,როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი ვიტყვი, რომ არ შემცირებულა ჩვენი კაპიტალური ხარჯები, პირიქით პანდემიის მიუხედავად ჩვენ ველოდებით ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო აქტიურ, გადაჭარბებულ შესრულებას. ყველაფერი ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ მოგვეხდინა ჩვენი ეკონომიკის სტიმულირება, დაგვესტაბილურებინა ლარის კურსიც და ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით პანდემიიდან გამოსვლის პერიოდში ვიდრე შეიძლება ბევრი სხვა ქვეყნა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი ამის განხორციელაბას სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, იმ სამართლებრივ პროცედურებს და რეჟიმს, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას რომ არჩევნების პირველი რაუნდი დასრულდეს, მეორე ტურებიც წარმატებით და მშვიდობიანად ჩატარდეს და ღია და სამართლიანი არჩევნების შედეგად დაკომპლექტდეს პარლამენტი.