ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა. 2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობებსებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, - ამის შესახებ პარლამენტში, მინისტრის საათზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილის თქმით, მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი, მიმდინარე წელს კი რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას 348 მლნ ლარით მეტი მოხმარდება.
„150 დასახლებაში მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 360 ათას ადამიანს ექნება გაუმჯობესებული წყალმომარაგება, მათ შორის 220 ათას ადამიანს პირველად მოვემსახურებით ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით. წინა წელთან შედარებით 2021 წელს წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე 70%-ით მეტი თანხები მიემართება. ხოლო, 2012 წელთან შედარებით წყლის კომპანიის დაფინანსება 10-ჯერ არის გაზრდილი“, -განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის გეგმის ფარგლებში დაგეგმილია სამინისტროს სისტემაში არსებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის რეფორმირება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.