„მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას არ აქვს არავითარი კავშირი პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან. ეს პასუხისმგებლობა დადგებოდა მაშინ, თუ ის ვერ აღკვეთდა გადატრიალებისა და პარლამენტის მასობრივი შტურმით აღების მცდელობას“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, მისი პასუხისმგებლობა არ დგას და ვერ დადგება, ის ვალდებულია დარჩეს იმ პოზიციაზე რა პოზიციაზეც არის, უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა და იმ პოლიციელების დაცვა, რომლებიც პირნათლად, უდიდესი თმენითა და სტანდარტით ასრულებდნენ თავის მოვალეობას. მან ხელი უნდა შეუწყოს იმ გამოძიების ეფექტურად წარმართვას, რომელიც შეეხება ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, რადგან პროპორციული არჩევნებისა და აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
აქცია პარლამენტის წინ დღეს ისევ 19:00 საათზე განახლდება. პროტესტის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან გუშინ წარადგინეს საკუთარი მოთხოვნა, როდესაც რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა სწორედ ამ მიმართულებით მოაწყვეს.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.