ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც მიჩვეულია ბევრად უფრო თამამი და პოპულისტური დაპირებების გაცემას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და დაპირება, რომელსაც გავცემთ, უნდა შესრულდეს. ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ პარტნიორებთან, რათა შევძლოთ საჭირო თანხების მოზიდვა სოციალური პაკეტების უზრუნველსაყოფად და ბიზნესის მხარდასაჭერად ამ რთულ პერიოდში, - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ძალიან მოკლე ვადაში, საერთაშორისო საფინანსო ისტიტუტებთან მოლაპარაკების შედეგად, მოზიდულია დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი.
„ასე რომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ მოსახლეობას ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები. პარასკევს შედგება ამ გეგმის პრეზენტაცია. მანამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვხედავთ, რომ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაკარგა ან ვისაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი. რაც შეეხება საბანკო შეღავათებს, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, გაგრძელდება, თუ არა, მაგრამ ერთი ცხადია, რომ დაგვჭირდება დამატებითი ღონისძიებების შემუშავება“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე შეძლო პირველადი აუცილებლობის შეღავათების დაწესება. ეს ეხება კომუნალურ გადასახადებსა და კომერციულ ბანკებთან მიღწეულ შეთანხმებას არსებული სესხების 3 თვით გადავადების შესახებ.
imedinews.ge