21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დასაშვებია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება.
საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge