27 ივლისიდან „სილქნეტი“, ხოლო 3 აგვისტოდან „მაგთი“ - ტარიფებს ზრდის, გარდა ამისა მომხმარებელს იმის უფლებას, რომ გაძვირებული ტარიფი შედარებით იაფზე გადაცვალოს, არ აქვს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაში აცხადებენ, რომ საკითხს აუცილებლად შეისწავლიან.
კომუნიკაციების კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ელენე მიროტაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ თქვა, რომ მომხმარებელს აქვს უფლება, აირჩიოს კომპანიის მიერ შეთავაზებული მისთვის ნებისმიერი მომსახურება. ნებისმიერ დარღვევას ამ კუთხით, შეისწავლის შესაბამისი სამსახური.
„ეს კონკრეტული შემთხვევა კონტროლზეა აყვანილი, შესაბამისი მომართვიანობისა და ჩვენი მოკვლევის შემდეგ, დაინიშნება შემდგომი სარეკომენდაციო მიმართულება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს 1 თვით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა მომხმარებლის უფლებები და დგება ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა“, - განაცხადა ელენე მიროტაძემ.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ სახეზეა კლასიკური ოლიგოპოლია და კომუნიკაციების კომისიამ ეს საკითხი დროულად უნდა განიხილოს.
„მაგთიმ“ და „სილქნეტმა“ უცებ, ერთად, ერთ დღეს გადაწყვიტეს ტარიფის ზრდა. აგვისტოდან, ულიმიტო ინტერნეტის ფასი შარშანდელთან შედარებით თითქმის ორმაგდება.
სახეზეა კლასიკური ოლიგოპოლია, რომელიც მესამე ათწლეულია გრძელდება და მას ბაზარზე მესამე კომპანიის შემოსვლამაც ვერ უშველა. უნდა დაგვისაბუთოთ მომხმარებლებს, რატომ იზრდება ტარიფები და ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არა, რომ საწვავის ფასი გაიზარდა და მაღალი ინფლაციაა, არამედ მოგების და შემოსავლების ანალიზის საფუძველზე, განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში.
კომუნიკაციების კომისია | Communications Commission - რეგულატორის არსებობა მონოპოლიების/ოლიგოპოლიების საპასუხოდ გვჭირდება და არა იმისთვის, რომ საშუალოზე გაცილებით მაღალი ხელფასები ვუხადოთ საჯარო მოხელეებს,“- წერს გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში.
„მაგთიმ“ 3 აგვისტოდან ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით ორი დღეა რაც გამოაცხადა, თუმცა როგორც გაირკვა, გაძვირებული პაკეტის შეცვლის მსურველს, „მაგთი“ მხოლოდ უფრო ძვირიან პაკეტს სთავაზობს, უფრო იაფით შეცლაზე კი ის უარს აცხადებს. „მაგთის“ აბონენტებისთვის აგვისტოდან შემდეგი ტარიფები იმოქმედებს: სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში აქამდე 24 თეთრი იყო, აგვისტოდან ამ ტარიფს ზარის წამოწყების - 12 თეთრიც დაემატება. ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციები კვლავ გაგრძელდება განახლებული ტარიფებით - ულიმიტო ინტერნეტ-თვე - 32 ლარი (30 ლარის ნაცვლად), ულიმიტო ინტერნეტ-კვირა - 9 ლარი (ადრე იყო 7 ლარი) და ულიმიტო ინტერნეტი დღე-ღამე - 2 ლარი (1.50-ის ნაცვალად)
ძვირდება ოპტიკური ინტერნეტიც - „მაგთიკომის“ თანახმად. მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე.ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი / 30 დღე. აქციის მოქმედების ვადა - 30.11.22-ის ჩათვლით.
რაც შეეხება „სილქნეტს“, კომპანიის ცნობით, ის მობილურ ულიმიტო ინტერნეტპაკეტებს აძვირებს და 27 ივლისიდან მოქმედი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის ტარიფები, შემდეგნაირი იქნება: 1 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი - 1.50 ლარის ნაცვლად 2 ლარი ხდება; 5 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი - 6 ლარის ნაცვლად 7 ლარი ეღირება; 30 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი - 30 ლარის ნაცვლად 32 ლარი იქნება.