მაჭახელას ეროვნულ პარკის ვიზიტორთა ცენტრში ახალი საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახლის ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. მუდმივმოქმედი გამოფენის სტუმრები უკეთ გაეცნობიან მაჭახლის ხეობის ისტორიასა და კულტურას, ხოლო ეროვნული პარკში მოსული ტურისტები შეძლებენ მათთვის საინტერესო მარშრუტის დაგეგმვას.
საგამოფენო დარბაზის მოწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.
საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ხოლო მის ტექნიკურ შესრულებაში „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ჩაერთო.
„საქართველოს თვალწარმტაცი დაცული ტერიტორიები გაცილებით მეტია, ვიდრე ლამაზი ლანდშაფტი. ბუნებრივ სიმდიდრესთან ერთად, ისინი ისტორიულ და კულტურულ მეხსიერებასაც ინახავენ. ჩვენ ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ეს ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული საგანძური ადამიანებისა და პლანეტის საკეთილდღეოდ“, განაცხადა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.
მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მოსაზღვრე თურქეთში განლაგებული ჯამილის აღკვეთილი კოლხური ტყეების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. 2021 წელს, კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, რაც ამ უნიკალური ეკოსისტემის საერთაშორისო დაცვას უზრუნველყოფს. საქართველოში, ეს სტატუსი კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელდა.
მაჭახელას ეროვნული პარკი ამავე ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა იმისა, რომ მაჭახლის ხეობა უდიდეს როლს ასრულებს კოლხური ტყეების შენარჩუნებაში, ის ათასობით ტონა სათბური აირების ემისიების შთანთქავს და 3,000-მდე ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს.
გაეროს განვითარების პროგრამა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი მხარს უჭერდნენ მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნას და უკვე ათი წელია ხელს უწყობენ მის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.