„მიღებული გადაწყვეტილება ობიექტის დახურვას ნაკლებად გამოიწვევს, თუმცა ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, გარკვეული კონტრაქტები დაპაუზდება, რეალურად იგივე მოხდება რაც წინა შეზღუდვების შემთხვევაში მოხდა“, - ასე აფასებს „m group“- ის საოპერაციო დირექტორი გიორგი მურჯიკნელი ხელისუფლების ახალ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება. მურჯიკნელის განცხადებით, მთავრობა რესტორნებთან მიმართებით ლონდონის პრაქტიკას იყენებს და ბიზნესი მზადაა ხელისუფლების ნაბიჯებს მიჰყვეს, თუმცა მურჯიკნელის განმარტებით, ამ ყველაფერმა შედეგი უნდა მოიტანოს. როგორც „m group“-ის საოპერაციო დირექტორი ამბობს სამუშაო დროები შეიზღუდება და ახალ გარემოსთან მოხდება ადაპტაცია.
„ყველამ კარგად ვიცით, რას მოუტანს გადაწყვეტილება სარესტორნო ბიზნესს. ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებლის გათვალისწინებით ვფიქრობ, ამ ეტაპზე სხვა არჩევანი არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტის დაცვა გვიწევს, როგორც კერძო სექტორი, რომელსაც ძალიან გაუჭირდება და როგორც მოქალაქეს, რომელსაც ასაკოვანი ოჯახის წევრები ჰყავს და მათი სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. მთავრობა იყენებს, ლონდონის პრაქტიკას, შესაბამისად თუ ლონდონში ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პანდემია უფრო კონტროლირებადი გავხადოთ, მაშინ თანახმა ვართ ცვლილებები მივიღოთ, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი უნდა მოიტანოს. დიდი იმედი მაქვს, რომ შეზღუდვა დიდხანს არ გაგრძელდება და გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმ ნაწილს, რომ საშიშროება იმაზე უფრო დიდია, ვიდრე უმუშევრობისგან გამწარებულმა ხალხმა და დაზარალებულმა ბიზნესმა ცხელ გულზე იფიქროს. მჯერა, რომ სახელმწიფოს თვითმიზანს ბიზნესების დასაფლავება არ წარმოადგენს, შესაბამისად ველოდებით დამატებით შეღავათებს“,- განმარტავს გიორგი მურჯიკნელი.
ბაჩო ადამია