ლუკაშენკოს დილემა - აღიარებს თუ არა მინსკელი დიქტატორი აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას?

ლუკაშენკოს დილემა - აღიარებს თუ არა მინსკელი დიქტატორი აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას?

access_time2021-12-03 15:00:05

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ანექსირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში ირიბად უკვე აღიარა. საფრთხე, რომ მინსკი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობასაც აღიარებს, კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა. მეექვსე ვადით არჩეული პრეზიდენტი დილემის წინაშე დგას, აღმოსავლეთიდან მას პუტინი ემუქრება, დასავლური სანქციების გაძლიერება კი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

 


ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან ერთპიროვნულად მართავს. მას ხშირად „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ მოიხსენიებენ. 2006 წლიდან ბელარუსი ევროპული ქვეყნების სანქციების ქვეშ მოექცა, მაშინ ლუკაშენკო პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს, 2020 წელს ლუკაშენკო პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა და სანქციებიც უფრო გაძლიერდა. ბელარუსი ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც სასჯელის უმაღლეს ზომად დღემდე სიკვდილით დასჯა გამოიყენება.

 


აზერბაიჯანში ალიევის მმართველობა 18 წელია გრძელდება, რუსეთში პუტინის 21 წელი, ბელარუსში ლუკაშენკოსი კი უკვე 27, რითაც ის ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს უთანაბრდება, რომელმაც თანამდებობა ასევე 1994 წელს დაიკავა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურებიდან მხოლოდ ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ჩამორჩება, რადგან ნაზარბაევმა 2019 წელს კარიერა დაასრულა, შანსი იმის, რომ ლუკაშენკომ მმართველობის ხანგრძლივობაში გაასწროს, ძალიან მაღალია.

 


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბელარუსში ფორმაცია თითქმის არ შეცვლილა. კერძო საკუთრების დაშვების მიუხედავად მსხვილ საწარმოთა უმრავლესობა სახელმწიფოს ხელშია. მსგავსი ტიპის ეკონომიკებს „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ სახელით მოიხსენიებენ, თავად ბელარუსში კი „საბაზრო სოციალიზმს“ უწოდებენ. სახელმწიფო საწარმოების გარდა კომპანიებსაც სახელმწიფო აკონტროლებს, მათ შორის საფასო ნაწილშიც. ქვეყანა უშვებს მსოფლიოში უდიდეს 450-ტონიან სატვირთო ბელაზსა და ტვირთამწეობით ყველაზე დიდ 15 ტონიან სახანძრო შვეულმფრენ Mi 26-ს, რომლითაც საქართველოს 2017 წელს ბორჯომის ხანძრის დროს დაეხმარა. მთავრობა აკონტროლებს მთლიანად განათლების სისტემას და სასამართლოს. პარლამენტის ორივე პალატა მთლიანად სახელისუფლებო პარტიით, სატელიტი პარტიებითა და ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებითაა დაკომპლექტებული.



 



თუ 1991 წლის რეფერენდუმზე საქართველოში დამოუკიდებლობას მოსახლეობის 99%-მა დაუჭირა მხარი, ბელარუსში 83%-მა იმპერიის შემადგენლობაში დარჩენა არჩია, მაგრამ 25 აგვისტოს ქვეყნის უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც მოუწია.

 


1991 წლის 8 დეკემბერს დსთ-ს თანადამფუძნებლები რუსეთთან ერთად უკრაინა და ბელარუსი გახდნენ. ხელშეკრულებას ხელი მინსკში მოეწერა. მასში საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების გარდა ყველა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა გაწევრიანდა. საქართველო ალიანსში 1993 წელს მაინც გაწევრიანდა, 2009 წელს კი გაერთიანება დატოვა. 2018 წელს დსთ-დან უკრაინაც გამოვიდა.

 


დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების მიუხედავად 2020 წლამდე ლუკაშენკო რუსეთთან დისტანციის დაცვას მაინც ცდილობდა. 2019 წელს ლუკაშენკომ 10 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა, მისი თქმით ხავიერ სოლანა, რომელიც იმ დროს ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა, ღიად დაემუქრა, რომ თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებდა ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს დაუწესებდა. საუბარი შეეხებოდა არა პიროვნულ, არამედ უფრო მძიმე შემთხვევებს, როგორებიცაა ვაჭრობის შეზღუდვასა და უკიდურეს შემთხვევაში SWIFT-დან (ბანკთაშორისი გადარიცხვების საერთაშორისო სისტემა) გათიშვას. მართალია მინსკს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მაგრამ ბელარუსი დღემდე რჩება იმ იშვიათ სახელმწიფოთა ჩამონათვალში რომელიც გაეროში აფხაზეთში დევნილების დაბრუნების შესახებ კენჭისყრაზე საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ხმას. 2018 წლამდე ანალოგიურად იქცეოდა სომხეთიც, ხელისუფლებაში ფაშინიანის მოსვლის შემდეგ ერევანი ნეიტრალურ პოზიციაზე გადაერთო.



 



თუ 2020 წლამდე ლუკაშენკო აღიარებდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რის გამოც დრო და დრო „როსსელხოზნადზორი“ სრულიად შემთხვევით ბელარუსულ რძესა და ხორცში მავნე ბაქტერიებს „აღმოაჩენდა“ ხოლმე. 2020 წლიდან ყველაფერი შეიცვალა და ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ლუკაშენკო პუტინის ყველა პირობას დათანხმდა, მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებასაც.

 



კალინინგრადიდან და ყირიმიდან მოსკოვი უკვე დიდი ხანია ევროპას „საჭიროების შემთხვევაში“ ატომური დარტყმით ემუქრება. ბელარუსი შესაძლოა მალე მესამე წერტილი გახდეს.

 


რას აკეთებს ლიდერი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კარგად ახსოვს საქართველოს. 1993-1994 წლებში შევარდნაძემ მოსკოვს ჯერ კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე მოუწერა ხელი და აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანა, რასაც ზუსტად 2 თვეში სოხუმის დაცემა მოჰყვა, შემდეგ პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ ქვეყანაში ბალტინის ჯარები შემოიყვანა, მალევე დსთ-ში გაწევრიანდა და ბოლოს რუსულ საოკუპაციო ჯარს „სამშვიდობოს“ მანდატი მიანიჭა. ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი საკუთარ ქვეყანას პუტინს 2015 წლიდან აბომბინებს, რასაც დამატებით რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


ჯერ რუსეთის იმპერიამ და შემდეგ საბჭოთა კავშირმა ყოფილ გუბერნიებში ეთნოკონფლიქტების გაღვივებითა და საზღვრების ცვლილებით დროში შორი მოქმედების ნაღმები განათავსეს. 90-იანი წლები კავკასიასა და შუა აზიაში სისხლიანი კონფლიქტებით აღინიშნა. ყველაზე მეტი - 200 000 ადამიანი იჩქერიის (ჩეჩნეთის) დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა.

 


2008 წელს რუსეთი საქართველოში უკვე ღიად შემოიჭრა, რა დროსაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარდა რამდენიმე კვირით გორის, ფოთისა და ზუგდიდის ოკუპაციაც მოახდინა. ბოლოს ამ ქალაქებიდან გავიდა, მაგრამ 90-იან წლებში მიტაცებულ ტერიტორიას კოდორის ხეობა, ახალგორი და დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებიც მიამატა. ჯამში თბილისმა კონტროლი 125 სოფელზე დაკარგა.

 


2014 წელს ჯერი უკრაინაზე დადგა. ისტორიული რუკის აღდგენის საბაბით რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ძველი რუკის ლოგიკით მოსკოვს საქართველოსთვის სოჭი უნდა გადმოეცა, მაგრამ მის ნაცვლად საჯარისო კონტიგენტი აფხაზეთში გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისგან განსხვავებით დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობას ჯერჯერობით მოსკოვიც არ აღიარებს მათ კიევი დღემდე ვერ აკონტროლებს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას უკვე შეეწირა 13 000-ზე მეტი ადამიანი.

 


2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში მოსკოვმა ბაქოს მოქმედების არეალი გაუხსნა და სომხეთის მიერ გაგზავნილი დახმარების არაერთი თხოვნა უპასუხოდ დატოვა. აზერბაიჯანმა შვიდივე ოკუპირებული რეგიონი და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილიც დაიბრუნა, მაგრამ სანაცვლოდ ყარაბაღის დარჩენილ ნაწილში 2000 რუსი „სამშვიდობოს“ განთავსებას დასთანხმდა.

 


ასევე 2020 წელს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა მორიგი მუქარანარევი განცხადება გააკეთა. მისი თქმით როდესაც რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში გაწევრიანდნენ, რუსეთმა მათ ტერიტორიები გადასცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მათ წესით, ეს ტერიტორიები უნდა დაებრუნებინათ, რაც არ გააკეთეს. როგორც ყოველთვის, პუტინის ეს განცხადებაც სიმართლისგან დაცლილია. სახელმწიფოები საბჭოთა კავშირში ნებით არ შესულან, ყველა მათგანი მოსკოვმა დაიპყრო. რაც შეეხება ტერიტორიებს, სულ რაღაც 2 წელიწადში, 1921-1922 წლებში საქართველოს ფართობი 35.3%-ით 107.6 ათასი კვადრატული კილომეტრიდან 69.7 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, დღეს კი თბილის მხოლოდ 55.8 ათას კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა. პროცენტულად უფრო მეტი ტერიტორია სომხეთმა დაკარგა, რომლის ფართობიც 70 000 კვადრატული კილომეტრიდან 30 000 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. მოსკოვმა თურქეთს სომხეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გადასცა საკონპენსაციოდ სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გერბზე უკვე თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული არარატის მთა დაახატა. 100 ათასი კვადრატული კილომეტრიდან 87 ათას კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა აზერბაიჯანის ფართობიც. თუმცა ერთია ისტორიული სიმართლე და მეორე ამჟამინდელი რეალობა. საქართველოსა და უკრაინის შემდეგ ურჩობის შემთხვევაში მორიგი გასროლა შესაძლოა ბელარუსის მიმართულებით განხორციელდეს.

 


ლუკაშენკომ რამდენიმე ათასი სირიელი მიგრანტი უკვე მიაყენა პოლონეთის საზღვართან. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ომით დაღლილი ქვეყნიდან 2400 კილომეტრის მოშორებით მდებარე მინსკში ადამიანები ლეგალურად ჩავიდნენ, იმისთვის რომ შემდეგ პოლონეთის საზარი არალეგალურად გადაეკვეთათ როგორც მინიმუმ ეჭვს იწვევს და სერიოზულ კითხვებს აჩენს. მიზანმიმართული დივერსიის ალბათობა საკმაოდ მაღალია.



 



Reuters-ის ინფორმაციით პოლონეთის მიერ ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევაში ლუკაშენკო ევროპას გაზის ტრანზიტის შეჩერებით დაემუქრა.

 


1-ლი დეკემბრით დათარიღებულ Россия сегодня-თან ინტერვიუში ლუკაშენკო კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა რომ ყირიმი დეფაქტოდ ისედაც რუსეთის იყო, რეფერენდუმის შემდეგ კი დე იურედ რუსული გახდა. ლუკაშენკოს ეს სიტყვების ჯერჯერობით მხოლოდ ზეპირი განცხადებაა და ქყვეყანას ყირიმი რუსეთის ნაწილად ოფიციალურად არ უღიარებია, მაგრამ მდგომარეობა შეიძლება უახლოეს მომავალში შეიცვალოს.

 


რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი აღიარების საკითხი ბელარუსის პარლამენტში დარეგისტრირდა ნოემბერში გავრცელდა, თუმცა ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატის სამდივნომ გავრცელებული ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

 


ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების დაკარგვის შიში ან ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მუქარა ზემოქმედების სერიოზული ბერკეტია, მაგრამ მიუხედავად გარე სამყაროსთან არსებული დაძაბული ვითარებისა ბელარუსი ჯერ კიდევ არაა ჩრდილოეთ კორეა და მისთვის თუნდაც მინიმალურ დონეზე შენარჩუნებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რის გამოც იმის წინასწარ თქმა აღიარებს თუ არა მინსკი სოხუმსა და ცხინვალს რთული სათქმელია. გასულ წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშმა ლუკაშენკოს ჯავშანჟილეტი ჩააცვა და ხელში „კალაშნიკოვის“ ავტომატი დააჭერინა.

 


აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია რუსეთმა 1992-1993 წლებში მოახდინა. 2008 წელს საოკუპაციო არეალი გააფართოვა და იმავე წლის 26 აგვისტოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობა ცნო. სოხუმსა და ცხინვალში ე.წ. საელჩოები გაიხსნა. 13 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მხოლოდ 6-მა სახელმწიფომ აღიარა და მათგან 2-მა აღიარება მალევე უკან წაიღო.

 


2008 წლის 5 სექტემბერს აფხაზეთი ნიკარაგუამ აღიარა, 2008 წლის 10 სექტემბერს ვენესუელამ, 2008 წლის 15 დეკემბერს ნაურუმ. 2018 წლის 29 მაისს სირიამ. 2011 წლის 23 მაისის აღიარება 2013 წლის 20 მაისს ვანუატუმ უკან გაიწვია, ვანუატუს მსგავსად 2011 წლის 18 სექტემბრის აღიარება 2014 წლის 31 მარტს ტუვალუმაც უკან გაიწვია.

 


ნიკარაგუა სამხრეთ ამერიკის პირობებშიც კი ერთ-ერთი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყანაა, რომლის ნომინალური მშპ-ც 1 სულ მოსახლეზე $2100-ს შეადგენს, საქართველოზე 2-ჯერ ნაკლებს, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით კი $5500-ს საქართველოზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებს. ქვეყანას 1979 წლიდან დღემდე დიქტატორი დანიელ ორტეგა მართავს. ვენესუელა ნავთობის დამტკიცებული მარაგით #1 სახელმწიფოა, თუმც უგო ჩავესისა და ნიკოლას მადუროს მცდარი ეკონომიკური პოლიტიკით სახელმწიფო სიღარიბეში ჩაიხრჩო. ექვსნიშნა ინფლაცია უკვე წლებია ნარჩუნდება. ქაღალდი რომელზეც ბოლივარია დაბეჭდილი ბოლივარის ნომინალურ ღირებულებაზე უფრო ძვირი ღირს. ნაურუს გარშემოწერილობა 21 კილომეტრია და მას ოლიმპიური ჩემპიონი 2 საათში 2 წრეს დაარტყავს. ნაურუს და აფხაზეთს ერთმანეთთან უკვე მესამე წელია „უვიზო მიმოსვლა“ აკავშირებს. მთელი ნაურუ რომ აფხაზეთში გადასახლდეს, აფხაზეთის მოსახლეობა მხოლოდ 4%-ით გაიზრდება. ნაურუს მოსახლეობა სულ 10 000 კაცია, „გალერია თბილისს“ პანდემიამდე დღიურად 23 000 სტუმარი ჰყავდა. ყველაზე რთული ვითარება მაინც სირიაშია, სადაც 10 წლიანმა სამოქალაქო ომმა და საგარეო ინტერვენციამ 600 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნაურუს მსგავსად ვანუატუცა და ტუვალუც ოკეანეთის ჯუჯა კუნძულოვან სახელმწიფოებს განეკუთვნებიან.

 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა გაეროს წევრი 5 ქვეყნის გარდა ასევე აღიარებული აქვთ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს, ასევე თვითგამოცხადებულ დონბასის, ლუგანსკის, დნესტრიპირეთისა და ყარაბაღის რესპუბლიკებს. პირველი კი ვინც 2006 წლის 17 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ცნო სამხრეთ ოსეთის თვიგამოცხადებული რესპუბლიკა იყო.

 

გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up