„შიდა ტურისტებისთვის ფასი დაიკლებს, თუმცა უცხოელებისთვის, განსაკუთრებით არაბი სტუმრებისთვის ფასები საგრძნობლად მოიმატებს“, — ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მაისურაძემ განუცხადა.
„ლოპოტას“ გენერალურმა დირექტორმა, იმაზეც ისაუბრა თუ როგორ აპირებს კომპანია საქმიანობის გაგრძელებას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.
„5 ივნისიდან გაიხსნება ღია რესტორნები, ბარები და საცურაო აუზი. ხოლო 15 ივნისიდან დავიწყებთ სტუმრების მიღებას. ნომრების დაჯავშნა უკვე დაწყებულია და თითქმის ყველა ნომერი უკვე დაკავებულია ადგილობრივი დამსვენებლების მიერ. კონკრეტული გეგმა გვაქვს დასახული თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, აღსანიშნავია ისიც რომ კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობები გვაქვს ღია სივრცეებიდან გამომდინარე. სასტუმროში დაბინავების პროცესიც ონლაინაა შესაძლებელი, რაც მეტ სიფრთხილეს უკავშირდება. აუზთან თითოეულ სტუმარს საკუთარი შეზლონგი ექნება დაჯავშნილი და მათ გარდა ვერავინ ისარგებლებს“,— განაცხადა გიორგი მაისურაძე.
რაც შეეხება ზარალს, მაისურაძე განმარტავს, რომ ჯერ კომპანიას ზარალის დათვლა არ დაუწყია და ზუსტს რიცხვს ვერ ასახელებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს მაჩვენებელი 70%-ს მიუახლოვდება.
„ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ დაზუსტებით, ვერც ზარალზე და ვერც მსგავს დეტალებზე. ზუსტი რიცხვებზე ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა მისი მასშტაბი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 70%. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო საკარანტინო პირობებში ვმუშაობდით, მაგრამ დაგეგმილთან შედარებით მუშაობის ეს მოცულობა დაბალია.“,- აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.
ნათია ლომიძე