ლონდონში საკუთარი ავტომობილით ყოველი მგზავრობისთვის ლონდონელებს შესაძლოა, ფულის გადახდა მოუწიოთ. აღნიშნული იდეით ლონდონის მერი სადიკ ხანი გამოვიდა. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს. მისი აზრით, მსგავსი რეგულაცია ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და მიაახლოვებს მიზანს, რომლის თანახმად ქალაქი 2030 წლისთვის უნდა გახდეს კარბონ-ნეიტრალური. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის ისინი აპირებენ შეიმუშავონ სისტემა, რომელიც გამოითვლის გავლილ მანძილს, გზაში ყოფნის დროს და ავტომობილის ადგილმდებარეობას. მან მუნიციპალურ კომპანიას Transport for London (TfL) დაავალა შექმნას ამ პროექტის მთელი სისტემა. სირთულიდან გამომდინარე კი ის შესაძლოა, 2024 წლამდე ვერ ამოქმედდეს.
თუმცა მძღოლები შესაძლოა, მანამდეც დაბეგრონ: TfL უფრო მარტივ ალტერნატივაზეც მუშაობს. მათ შორისაა, მაგალითად ყოველდღიური გადასახდელი „სუფთა ჰაერისთვის“ - საწვავზე მომუშავე ავტომობილებისთვის ყოველი მგზავრობისას, ან დაბალი გაფრქვევის ზონების გაფართოვება (Ulez), რომელშიც შესვლა ძველი ავტომობილებისთვის 12,50 გირვანქა სტერლინგი ეღირება. მესამე ვარიანტი კი ქალაქში შესვლისთვის ფულის გადახდას ითვალისწინებს, რომლისგანაც გათავისუფლდებიან ელექტრომობილები და სხვა „მწვანე“: ავტომობილები.
სადიკ ხანის თქმით, ჰაერის დაბინძურება და კლიმატის ცვლილება არის „სოციალური უთანასწორობის გლობალური პრობლემა“, ვინაიდან აღნიშნულით ყველაზე მეტად ზარალდებიან ღარიბი ლონდონელები, რომლებსაც საკუთარი ავტომობილიც კი არ ჰყავთ.
BPN.GE