„აჭარა ჯგუფი თქვენთვის საყვარელ რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს ივნისიდან ეტაპობრივად გახსნის“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ აჭარა ჯგუფიდან აცნობეს, როგორც კომპანიაში განმარტავენ 7 ივნისიდან სტუმრებს ელოდბიან Lolita-ში და Cafe Stamba-ში, ასევე, Rooms Hotel Tbilisi-სა და Rooms Hotel Kokhta-ს რესტორნების ღია სივრცეებსა და Fabrika-ს შიდა ეზოში. 15 ივნისიდან კი სტუმრების მიღებას განაახლებს სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.
„გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სტუმრებს, მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მოგვენატრა თქვენთან შეხვედრა და მოხარულები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა ძალიან მალე მოგვეცემა. პანდემიამ ყველა უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ახლა, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
„აჭარა ჯგუფისთვის“ უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ამიტომაც, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებაზე, რათა ჩვენთან ყველამ დაცულად იგრძნოს თავი.
აჭარა ჯგუფმა პანდემიით გამოწვეული სირთულეების მართვისას დიდი გამოცდილება შეიძინა. გეცოდინებათ, რომ აჭარა ჯგუფის ყველაზე მასშტაბური სასტუმრო Holiday Inn Tbilisi საკარანტინო ზონად იყო გამოყენებული. ჩვენი რესტორნები კი, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, დისტანციურ შეკვეთებზე მუშაობდნენ.
საქართველოს მთავრობასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან მუდმივი დიალოგისა და მათ მიერ მოწოდებული ინსტრუქციების გათვალისწინებით უკვე ბევრი სირთულის დაძლევა შევძელით. აუცილებლად გადავლახავთ დღევანდელ გამოწვევებსაც და ჩვენ სტუმრებს კვლავ მივცემთ უნიკალური სტუმარმასპინძლობისა და კულინარიული გამოცდილების შეძენის საშუალებას“,- ნათვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ბაჩო ადამია