თბილისს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მრავალპროფილური კლინიკა შეემატება. სოფელ ლისში, 1655 კვ.მ-ზე green clinic-ს შპს „აიემდი“ ააშენებს. კლინიკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა დამკვეთმა შეთანხმებული პროექტის ცვლილება მოითხოვა.
როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, განცხადება ახლა განხილვის პროცესშია. ახალი პროექტის მიხედვით, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ორი მიწისქვეშა, ერთი მიწისპირა და ექვსი მიწისზედა სართულებისგან შედგება. -2 სართულზე რადიოლოგიური ზონაა განთავსებულია, ასევე მოწყობილია ფოტოთერაპიის, ულტრაბგერის და მასაჟის ოთახები. ამავე სართულზეა ორი მიმღები, ადმინისტრაციული სივრცე და ორი საორდინატორო ოთახი. -1 სართული არის ტექნიკური სართული.
მიწისპირა სართულზე კლინიკის მთავარ შესასვლელია, სადაც მოეწყობა აფთიაქი, ბავშვთა გასართობი სივრცე, ლაბორატორია და შეხვედრების ოთახი. პირველ, მეორე და მესამე სართულზე განთავსებული იქნება ამბულატორიული განყოფილების სივრცეები: ექიმის კაბინეტები და სამუშაო ოთახები.
მეოთხე სართულზე არის პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც განთავსებული იქნება მიმღები, ადმინისტრაციული სივრცე, ექიმის კაბინეტები, სტაციონარი და საოპერაციო.
მეხუთე სართულზე დაგეგმილია სამშობიარო განყოფილების მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება მიმღები, ადმინისტრაციული სივრცე, ექიმის კაბინეტები, სტაციონარი, საოპერაციო და ახალშობილთა სპეციალური მოვლის პალატები.
პროექტის მიხედვით, მეექვსე სართული მრავალფუნქციურია, სადაც მოეწყობა კაფეტერია, კლინიკისთვის ადმინისტრაციული სივრცე, ორი საკონფერენციო დარბაზი, სტომატოლოგიური კაბინეტები და საერთო მოხმარების ტერასა.
მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.