„ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოაწყო და აღჭურვა კლინიკა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საწარმოებლად. ამის შესახებ „კომერსანტს“ „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ უთხრა.
მისივე თქმით, „ლილო მოლში“ არსებული აცრის ცენტრი როგორც მოლის თანამშრომლებს, ასევე ახლომდებარე უბნებში მაცხოვრებელ მოქალაქეებსაც მოემსახურება.
„ყველაფერი ჩვენი ინვესტიციით მოვაწყვეთ, გვინდა, რომ ვირუსის დამარცხებაში და წარსული გემრიელი ცხოვრების დაბრუნებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. რაც საჭირო იყო, ყველაფერი შევიძინეთ, ავეჯი, ტექნიკა, ჯერჯერობით ერთი ბრიგადა გვემსახურება, ცრიან როგორც ჩვენ თანამშრომლებს და ჩვენ მეწარმეებს, ასევე ახლომდებარე უბნებში მაცხოვრებლებსაც. საინვესტიციო თანხა დაახლოებით 20 000 – 30 000 ლარამდე იყო.
ამ ეტაპზე მხოლოდ სინოფარმით აცრა შეგვიძლია, თუმცა როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, ეს ვაქცინა დელტა შტამისგან ეფექტურად იცავს ადამიანს.
დაახლოებით ათი დღეა, რაც ჩვენი აცრის ცენტრი ფუნქციონირებს და 500–მდე ადამიანის აცრა მოვახერხეთ, მსურველების რაოდენობაც იმატებს, უკვე ვესაუბრე ჯანდაცვის სამინისტროს და ბრიგადებს კიდევ დაგვიმატებენ, ჩვენთან ადამიანებს აცრა როგორც წინასწარი ჩაწერით, ასევე ცოცხალი რიგითაც შეუძლიათ“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.
კვარაცხელიამ „კომერსანტთან“ პანდემიური წელიც შეაფასა და აღნიშნა, რომ 30 წლის მანძილზე პირველად იყო შემთხვევა, როდესაც ლილომ მუშაობა შეაჩერა.
„ჩვენ მუშაობაზე პანდემია ძალიან მძიმედ აისახა, 30 წლის განმავლობაში ლილო არასდროს გაჩერებულა, მისი გაჩერება მხოლოდ კოვიდმა შეძლო. 6 თვე ვიყავით გაჩერებული, თუმცაღა გავიარეთ ეს ეტაპი, გავუძელით ამ ყველაფერს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენ ჩვენი ვიზიტორები გყვავს, რომლებიც ჩვენთან ვიზიტებს აგრძელებენ. „ლილო მოლი“ ყოველთვის იყო გადარჩენის ადგილი, ეს არ არის უბრალოდ ცენტრი, იყო პერიოდი, როცა მხოლოდ ლილოს ბაზრობა და პურის ქარხანა მუშაობდა, იმ დროსაც ძალიან დიდი გაჭირვება იყო ქვეყანაში. „ლილო მოლი“ დღესაც არის ადგილი, სადაც ადამიანს ძალიან მწირი ბიუჯეტით შეუძლია, რომ შეიმოსოს და შეიძინოს ყელაფერი, რაც მის ოჯახს სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.
თაკო კვაჭანტირაძე