„ყველას ვისაც აქვს უმაღლესი არქიტექტურული განათლება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ შემოქმედებით საქმიანობაში თავისუფლება მიეცეს“, - ასე ეხმაურება დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას. თბილისის მერის ინფორმაციით, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება სერტიფიცირების დაექვემდებარება. კუნელაური მიიჩნევს, რომ თუ არქიტექტორის ნახაზი და კონცეფცია მუნიციპალიტეტისთვის მიუღებელია უწყებამ პროექტზე უბრალოდ უარი უნდა თქვას.
„პირველ რიგში გასარკვევია ვინ ახდენს არქიტექტორის სერტიფიცირების და ის რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ პროექტის გასაკეთებლად აუცილებელია პირს ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, არქიტექტურის სპეციალობით მაშინ ვეთანხმები საკითხს. მთავარია ცვლილებებს საფუძვლად არ დავუდოთ ისეთი რეგულაცია, რომელიც არქიტექტორს შეზღუდავს, რადგან ეს გამოიწვევს იმ პროდუქტის გაძვირებას რომელსაც საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა ჰქვია“,- განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.
მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ ლიცენზირება ბაზარზე დამატებით რეგულაციებს იწვევს, ზრდის ბიუროკრატიულ პროცედურებს და აძვირებს პროდუქტს:
„ლიცენზირება ხდება ისეთ პროდუქტზე, როგორიც არის წიაღისეულის მოპოვება. ეს მსჯელობის საკითხია რამდენად სჭირდება ურბანისტიკას ლიცენზია. არქიტექტორი არის შემოქმედებითი სფეროს განმახორციელებელი პირი, მისი პროდუქტი შემოქმედებითი აზროვნებიდან გამომდინარეობს და ამის რეგულაციებში მოქცევა მე სწორად არ მიმაჩნია“,- აცხადებს მალხაზ კუნელაური.
კახი კალაძის განცხადებით, რეგულაციებში მეორე კლასის ობიექტიც მოექცევა. მეორე კლასის ობიექტი დაკავშირებულია კერძო პირის ინტერესთან, რომ მან თავის ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და აიშენოს სახლი. შესაბამისად კუნელაური მიიჩნევს, რომ გაძვირებული პროდუქტი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.
ავტორი: ბაჩო ადამია