ლიბანის პარლამენტმა, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ Aljazeera წერს.
პარლამენტის ოფიციალური თანხმობა იმითაა გამორჩეული, რომ ადგილობრივ არმიას ეს მექანიზმი აძლევს უფლებას, შეზღუდოს შეკრების, პრესის, სიტყვის თავისუფლება, შევიდნენ კერძო საკუთრებებში და დააპატიმრონ ნებისმიერი, ვისაც უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. ამის უფლება კი, ჯარს, მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის თანხმობის გარეშე, აქამდე, არ ჰქონდა.
ადგილობრივმა მთავრობამ ლიბანში საგანგებო მდგომარეობა ბეირუთში მომხდარი აფეთქების მეორე დღესვე, 5 აგვისტოს, ორი კვირის ვადით გამოაცხადა, თუმცა გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა.
4 აგვისტოს საღამოს ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 200-მდე ადამიანი. მომხდარს ლიბანში ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მოქალაქეები 9 დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. 9 აგვისტოს ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამადმა თანამდებობა დატოვა, თუმცა ამან საპროტესტო ტალღა ვერ ჩააცხრო.
imedinews.ge