ლევან ყიფიანის ჩვენების სრული ვერსია

ლევან ყიფიანის ჩვენების სრული ვერსია

access_time2018-10-10 16:47:43

მთავარმა პროკურატურამ სპორტის  ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ჩვენება გამოაქვეყნა. იხილეთ ინფორმაცია უცვლელად:  

 

კითხვა: აღნიშნულ შევედრაზე საუბარი შეეხო თუ არა შპს „ოჯთ“-სთვის დავალიანების რესტრუქტურიზაციას?

 

პასუხი: აღნიშნულ  შეხვედრაზე   რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბრები არ ყოფილა, ვინაიდან  შპს ,,ოჯთ“-ს საგადასახადო დავალიანება როგორც მახსოვს იყო ხუთი თუ ექვს მილიონამდე და მის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე  განგვიახლა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევრად არ დარჩენილიყო. მე მსგავსი ხასიათის შეხვედრა დავაორგანიზე ასევე იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ასევე გამოთქვა მზაობა, რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდა, რომ ქართული წარმოება არ შეჩერებულიყო, მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია, იმ პირობით, რომ ომეგა ჯგუფი დავალიანების დაფარვის პროცესს დაიწყებდა, ამავდროულად ამ შეხვედრებზე ზაზა ოქუაშვილი აღნიშნავდა, რომ მისი მხრიდან  მომდევნო წლებში მოხდებოდა წარმოების გაზრდა და პირობას დებდა, რომ დასაქმებულთა რიცხვი გასამმაგდებოდა.

 

მას შემდეგ რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და თანხა მაინც არ იქნა ომეგას  მიერ გადახდილი, ამავდროულად, ის იდეა რაზეც ზემოთ აღვნიშნე, რომ მომხდარიყო ბატონ ბიძინას მხარდაჭერით საერთო ბიზნესის წარმოება  არ განხორციელდა, მე დავტოვე ომეგა ჯგუფი და გარკვეული პერიოდი აღარ დავდიოდი ოფისში და წამოსული ვიყავი კომპანიიდან. მართალია, შრომითი ხელშეკრულება ჩვენს შორის არ გაუქმებულა, თუმცა ფაქტობრივად მე წამოსული ვიყავი სამსახურიდან.

 

მთავრობის შეცვლის შემდეგ, ამა წლის ზაფხულის დასაწყისში, მე კვლავ დამიკავშირდა ზაზა ოქუაშვილი და კვლავ მთხოვა სახელმწიფო ორგანოების წინაშე შუამდგომლობა, რომ მომხდარიყო რესტრუქტურიზაცია. ზაზა ოქუაშვილი მთხოვდა გამომეყენებინა მთელი ჩემი რესურსი და გავლენები, რათა როგორმე ოჯთ-ს პრობლემა მოგვარებულიყო.

 

ივლისის თვეში მე მოვახერხე ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება, რომელიც კონფლიქტით დასრულდა და ფაქტიურად ჩაიშალა, რადგან მინისტრ მაჭავარიანს ხისტი მიდგომა ჰქონდა ერთხელ გაკეთებული რესტრუქტურიზაციის შემდგომ დაგროვილ 20 მილიონ ლარ დავალიანებაზე და ითხოვდა საერთო დავალიანებიდან, რაც ჯამში 50 მილიონს შეადგენდა, ამ 20 მილიონის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაფარვას, ხოლო ოქუაშვილი ძალიან ხანგრძლივ განწილვადებას,თუ სწორად მახსოვს, თვეში ასი ათასის გადახდას. როგორც აღვნიშნე შეხვედრა ჩაიშალა და ოქუაშვილმა მითხრა, რომ ჩემს მიმართ არსებულ მსხვილ სახელფასო დავალიანებას ვერ გამისტუმრებდა, რადგან ბიზნესს კარგავდა მე მას საკითხს ვერ ვუგვარებდი. ასეც დავშორდით.რამდენიმე დღეში ოქუაშვილი კვლავ დამიკავშირდა და შეხვედრისას შემომთავაზა, რომ თუ მსურდა სახელფასო დავალიანების დაფარვა და უფრო მეტიც, საერთო ბიზნესის სანაცვლოდ მთავაზობდა მისი სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლას (საუბარი იყო ქარხნის 10 პროცენტზე), მე უნდა დავხმარებოდი მას  გარკვეული ჩანაწერების ფაბრიკაციაში. სქემა ასეთი იყო: ის მოამზადებდა გარკვეულ ტექსტებს ჩემი და მისი დიალოგების სახით, სადაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული ინტერესები ომეგას ბიზნესის მიმართ. ჩვენ ამ წინასწარ გაწერილი სცენარით ვისაუბრებდით და ამ საუბრებს იგი ღიად ჩაიწერდა, მაგრამ გამოიყენებდა, როგორც ვითომ ფარულ ჩანაწერს. სქემის მიხედვით ოქუაშვილი აღნიშნულ ჩანაწერებს გამოიყენებდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას, კერძოდ, მათ დაარწმუნებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოსდა უხდიდა დიდი ოდენობით თანხას, რის გამოც ვერ ასრულებდა პარტნიორთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ზაზა ოქუაშვილი ვარაუდობდა, (როგორც თავად მეუბნებოდა) უცხოელი პარტნიორები ვალდებულების შესრულების ვადას გადაუვადებდნენ.  ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოქუაშვილი ხსენებულ ჩანაწერებს გაავრცელებდა მედიასაშუალებებით, რადგან ყველა შეხვედრისას ზაზა ოქუაშვილი მარწმუნებდა, რომ მას აღნიშნული ჩანაწერი უნდა გამოეყენებინა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. სწორედ ამ არგუმენტით დამიყოლია და მეც, შევცდი და  დავთანხმდი. გარდა ამისა, მან მითხრა, რომ ამ საქმეში მას გვერდში ედგა ირაკლი ჩუბინიშვილი, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით.

 

ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად  მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა – ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

 

მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია.

 

რაც შეეხება უშუალოდ თანხის ბანკიდან გატანის მომენტს 2016 წლის აპრილის თვეში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ან სკანდალური ან უკანონო. ოქუაშვილმა მითხრა, რომ ოფშორულ კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს და მთხოვა დავხმარებოდი ამ კომპანიის დირექტორატს, რომლესაც ისევ ომეგელები წარმოადგენდნენ, ფულის სწრაფ გაქეშებაში. ეს ჩემი მოვალეობა იყო და არაფერი ექსტრაორდინარული ამ დავალებაში არ იყო. ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არამარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსება ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ომეგას ჯგუფში შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შესაძლოა მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად იმ პერიოდისათვის ომეგა ჯგუფს გააჩნდა დავალიანება სს „საქართველოს ბანკი“-ს წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“ დაეყადაღებინა ანგარიშები.

 

მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილი შემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. „გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა ომეგას ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.

 

2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს,  ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. კ.მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სს ,,თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში მისულები მე ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან თიბისი ბანკის ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ზაზა ოქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო თიბისი ბანკის კლიენტი და ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. გაქეშებულ თანხებთან  მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ ბეემვე-ს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, ბეემვეში მიიტანეს მერე ეს თანხები თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად იბერიაში.

 

რაც შეეხება ჩემი და ოთარ ფარცხალაძის კონფლიქტს, მერე ამაზე მიბმულ თრილერს სარდაფთან დაკავშირებით, ეს სრული სისულელეა, ოთართან ნორმალური ურთიერთობა  მაქვს და არანაირი კონფლიქტი, მითუმეტეს სერიოზული, არასდროს მქონია მასთან. ეს არის მთელი ის ინფორმაცია რაც ვიცი საქმესთან დაკავშირებით, ახლა კი მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ყველა შეკითხვას პასუხი.


 

კითხვა: 2018 წლის 06 ოქტომბერს შაბათ დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „შაბათის კურიერში“ გავიდა კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი, სადაც საუბრობთ სავარაუდოდ თქვენ და ზაზა ოქუაშვილი, თუ ნახეთ აღნიშნული სიუჟეტი და დადებით შემთხვევაში რამდენად რეალურია სიუჟეტში გასული ინფორმაცია?

 

პასუხი: მოგახსენებთ, რომ მე ვნახე აღნიშნული სიუჟეტი და  ეს ჩანაწერი არის ინსცენირება, რომელიც დადგმულია ზაზა ოქუაშვილის მიერ, ინტონაციის და ლექსიკის დონეზე არის სრულად დადგმული ზაზას მიერ, თუმცა როგორც წინა შემთხვევებში ამ ჩანაწერშიც შეინიშნება მონტაჟის კვალი, შესაბამისად ჩანაწერის ავთენტურობას არც ამ შემთხვევაში არ ვადასტურებ.

 

კითხვა: აღნიშნავთ, რომ არის ინსცენირება და ასევე აღნიშნავთ, რომ არის მონტაჟი, მაშინ რატომ დასჭირდა ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერების მონტაჟი, თუკი საუბარი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით იწარმოებოდა?

 

პასუხი: როგორც აღვნიშნზე ზაზა ოქუაშვილი ითხოვდა ხისტ ფორმულირებებს და გვარების ხშირად ხსენებას და ყველა სიტუაციაში, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენებდა სხვადსხვა გვარს და ითხოვდა ისინი მეც მეხსენებინა, რასაც მე ზედმიწევნით არ ვიმეორებდი, რადგნ არ ვთვლიდი, რომ უცხოელი პარტნიორებისათვის გვარები დიდად ცნობილი იქნებოდა და ვთვლიდი, რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თუკი აქცენტი ფაქტებზე გაკეთდებოდა და თუნდაც გვარის ერთხელ ხსენება საკმარისი იყო, რაზეც ზაზა არ მეთანხმებოდა და ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და კიდევ ვიმეორებ მიწუნებდა არტისტიზმს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი. ახლა კი ვხვდები თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისათვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე, სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებითი მონტაჟი. ჩანაწერების დამზადების დროს რომ მოეთხოვა კიდევ უფრო გამძაფრება სიტუაციის ეს ჩემში ეჭვებს აღძრავდა,რასაც ვფიქრობ იმდროს მოერიდა და მონტაჟის გზით დაამზადა მისთვის სასურველი ჩანაწერები.

 

კითხვა: მედიაში გავრცელდა ჩანაწერები სადაც სავარაუდოდ საუბრობენ ზაზა ოქუაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი, ალექსი ანდრიაძე, ივანე ჩხარტიშვილი ხომ არ იცით რა ურთიერთობა ჰქონდა აღნიშნულ პირებს ერთმანეთთან და რამდენად რეალურია ჩანაწერში აღწერილი გარემოებები?

 

პასუხი: ჩემთვის უცნობია რამდენად რეალურია ჩანაწერში ნათქვამი ფაქტები, თუმცა ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში, თუმცა რა სახით აღნიშნული ჩემთვის არ დაუკონკრეტებია და არც მე ჩავძიებივარ. რაც შეეხება უშუალოდ მათ ურთიერთობას როგორც ზემოთ მოგახსენეთ არსებობდა ქართული თამბაქოს აღორძინების  იდეა, რომლის ფარგლებში ვანო ჩხარტიშვილიც უნდა შემოსულიყო პარტნიორად. კერძოდ, ბიზნეის იდეა ქართული თამბაქოს გაშენებასა და შემდგომ თუთუნის წარმოებაში მდგომარეობდა. იმ პერიოდისათვის კომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ ქართული თამბაქოს წარმოების ბიზნესში ახდენდნენ შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოს წარმოებას, რომელიც გათვლილი იყო საქართველოში მცხოვრებ დაბალბიუჯეტიან ფენაზე.  ბიზნეს იდეის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში, საკმაოდ დიდ ფართობზე  უნდა მომხდარიყო თამბაქოს პლანტაციების გაშენება, რომლისგანაც უნდა  გვეწარმოებინა, ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები, რომელიც გავიდოდა  ექსპორტზე. ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი, ჯდებოდა დაახლოებით  20 000 000 აშშ დოლარამდე, რის გამოც გადავწყვიტეთ დახმარება გვეთხოვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელსაც მოვუყევი ამ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც მოიწონა და აღმითქვა დახმარება. თუმცა ვინაიდან ბიზნესი ეხებოდა ქართული წარმოების განვითარებას და უკვე ამ სფეროში, კერძოდ, ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი, ბატონი ბიძინას თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ამ ბიზნესში.  პროექტის მიხედვით ვანო და ზაზა ბიზნესში შემოდიოდნენ 20-20%-ით და მათი ინვესტიცია  უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი.

 

ამ საკითხეზე მე და ზაზა მეორედაც შევხდით ბატონ ბიძინას,  რა დროსაც ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ მას მოეწონა  იდეა და გამოთქვა მზაობა, რომ საკუთარი ფონდიდან დააფინანსებდა ამ პროექტს.

 

კითხვა: რა ფონდზე იყო საუბარი, საქველმოქმედო ფონდიდან უნდა მომხდარიყო დაფინანსება?

 

პასუხი: არა, დაფინანსება მოხდებოდა  ფონდიდან, რომელსაც განაგებს  გიორგი ბაჩიაშვილი;

 

კითხვა: ანუ რომ დავაზუსტოთ სულ რამდენი შეხვედრა იყო ზაზა ოქუაშვილის და ბიძინა ივანიშვილს შორის ?

 

პასუხი: სულ გაიმართა ორი შეხვედრა პირველი შეხვედრა რომელიც შედგა გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილის, ზაზა ოქუაშვილის და ჩემი მონაწილეობით  ხოლო მეორე შეხვედრას უკვე გიორგი გახარია აღარ დასწრებია. როგორც აღვნიშნე შეხვედრები ეხებოდა ქართული მეთამბაქოების და სიგარეტის წარმოების განვითარებას.

 

კითხვა: თქვენ თუ განახორციელეთ რაიმე სამუშაო აღნიშნული ბიზნესის ასაწყობად?

 

 

 

პასუხი: მე დავიწყე მიწის ნაკვეთების მოძიება ლაგოდეხში და აჭარის რეგიონში, სადაც შესაძლოა მოგვეხდინა თამბაქოს წარმოების აღორძინება;

 

კითხვა: 2016 წლის 21-22 აპრილს თიბისი ბანკიდან გატანილი თანხა ხომ არ იყო საერთო ბიზნესის ასაწყობად საჭირო თანხა?

 

პასუხი: როგორც აღვნიშნე ზაზა ოქუაშვილი საკმაოდ ხშირად ახდენდა მსგავსი მეთოდით თანხის განაღდებას და ფაქტობრივად ოპერირებდა „ქეში ფულით“, შესაბამისად ეს შემთხვევაც იყო ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა. მე, რათქმაუნდა, არ გამოვრიცხავდი, რომ ნაწილი თანხისა მოხმარებოდა საერთო ბიზნესს, თუმცა რაიმე წინასწარი დაპირება არ ყოფილა. იყო მხოლოდ საუბრები ზაზას მხრიდან, რომ თანხას მალე ჩარიცხავდა, თუმცა ის რომ შპს „ოლიმპუსის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩვენს ბიზნესს უნდა მოხმარებოდა მსგავსი საუბარი არ ყოფილა. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდა ზაზას პირადი ბიზნესის განვითარებას ე.წ. „შოურუმების“ მშენებლობას და ქ.მცხეთაში სასტუმროს მშენებლობას.

 

კითხვა: აღნიშნული პასუხიდან გამომდინარე კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, კონკრეტულად რა მიზნით და ვისი დავალებით გაჰყევით ასანიძეს, ქურდაძეს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს 2016 წლის 21-22 აპრილს თი ბი სი ბანკში?

 

პასუხი: ზაზა ოქუაშვილი 2016 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა ლონდონში. წასვლამდე მან მთხოვა დავხმარებოდი ბიჭებს (ომეგას თანამშრომლებს) კომპანიის მართვაში, სახელმწიფო და საბანკო სექტორთან ურთიერთობაში, რათა წარმოების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეშლოდა. იმ პერიოდისათვის ზაზას სურვილი იყო მოეხდინა ინვესტირება ომეგა მოტორსის საქმიანობის სფეროში. ამ მიზნით  მიმდინარეობდა „მაზერატის შოურუმის“ რემონტი, რომ მომხდარიყო ავტომანქანების ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება. სწორედ ამ საქმიანობისათვის თვალის დევნება მთხოვა ზაზამ, მანვე მითხრა, რომ ინვესტირებისათვის მოახდენდა თანხის ჩარიცხვას და ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხა იყო მთხოვა გავყოლოდი ბიჭებს (ქურდაძეს, ასანიძეს), რომ ბანკში რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ;

 

კითხვა: ბანკში ყოფნისას ვისთან გქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია? ხომ არ გისაუბრიათ მაღალი თანამდებობის პირებთან?

 

პასუხი: ბანკში ყოფნისას მე მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ მქონია. მედიაში გასულ ინფორმაციას, რომ მე საუბრები თითქოს მქონდა  გიორგი გახარიასთან არ ვადასატურებ; რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი რომ დაგვხმარებოდა სს „თიბისი ბანკი“-დან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან დაახლოებით 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა ბანკს საუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ ამ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარი დაინტერესდა რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული, ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლოს თიბისი ბანკის მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემა და შესაბამისად ოთარის დახმარება არ გახდა საჭირო, რის შესახებაც შევატყობინე კიდეც მას. შესაბამისად არც  ოთარ ფარცხალაძე და არც სხვა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დაგვხმარებია, რადგან როგორც აღვნიშნე დახმარება არც იყო საჭირო, ბანკმა გამოთქვა მზაობა, რომ მოეხდინა ანგარიშზე არსებული თანხის გაცემა ჩვენთვის;






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up