საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, Fitch-ის საკრედიტო რეიტინგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რადგანაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, როგორც ინვესტორების, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. მისი თქმით, რადგანაც Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მაჩვენებლები ეკონომიკური რეცესიის ფონზე უარესობისკენ არ შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, დღეს ადგილობრივ ბიზნესს და საერთაშორისო ინვესტორებს უნდა გაუჩნდეთ მეტი ოპტიმიზმი ინვესტიციების გაფართოებისთვის, რამაც თავის მხრივ უნდა შექმნას მეტი დამატებითი ღირებულება ქვეყანაში და ეკონომიკა საბოლოოდ უნდა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რომელზეც ჩვენ 2019 წლის მიწურულს ვიყავით.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, Fitch-ის საკრედიტო სააგენტოს გადაწყვეტილებასთან ახლოსაა ასოციაციის მიერ 2019 წელს გერმანიის ლეიბნიცის ინსტიტუტსა და PMCG-სთან ერთობლივი თანამშრომლობით დაწყებული BAG ინდექსის კვლევის შედეგები, კერძოდ, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ასოციაციის წევრი ბიზნეს ოპერატორების 30% მაინც აპირებს ინვესტიციის განხორციელებას 2020 წელს, მართალია ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს, მაგრამ მაინც მიუთითებს იმ ფრთხილ ოპტიმიზმზე, რომელსაც ბიზნესში ამჟამად ვხედავთ.
„Fitch-ის რეიტინგი და BAG საინვესტიციო ინდექსი ინვესტორებისთვის არის კარგი ინდიკატორი, ღირს თუ არა დღეს ბიზნეს აქტივობა ჩვენს ქვეყანაში. ორივე ინდიკატორი მიუთითებს ფრთხილ ოპტიმიზმზე და მიგვაჩნია, რომ თავისთავად ეს განწყობა უკვე პოზიტიურია ეკონომიკისთვის რეცესიიდან დროულად გამოსვლისთვის“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.
აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, Fitch - მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა, ხოლო კანადის სუვერენული რეიტინგი AAA დან AA+ მდე შეამცირა.