„ეს იყო კონსენსუსის საფუძველზე მიღწეული კანონის პროექტი და ახლა არ ვიცი რატომ გადაიდო და კიდევ რატომ დადგა კონსულტაციების საჭიროება, თუმცა ერთი თვე არ არის ის დრო, რომ ვერ მოითმინოს რომელიღაც ბიზნეს-სუბიექტმა, იქიდან გამომდინარე რომ უკვე 7 წელია ამაზე საუბარი მიდის.“ - ასე აფასებს საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა ანტიდემპინგური კანონის განხილვის ერთი თვით გადავადებას, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მიიღო.
სილაგავა აცხადებს, რომ კანონპროექტი მუხლობრივად განხილული იყო, თუმცა დამატებითი კონსულტაციებისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამს. მანვე აღნიშნა, რომ რომან კაკულიას ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა მთავრობის მიმართ გარკვეული იმპორტიორი კომპანიების შენიშვნებიც იყოს.
„იმაში ვეთანხმები ბატონ რომანს, რომ ეს ანტიდემპინგური კანონი პანაცეა არ არის. მოლოდინი რაღაც აჟიოტაჟური რომ იყო, თითქოს ახლა ეს კანონი შემოვა და იმპორტი დაიკეტება და ასე შემდეგ. არა, ეს არის ჩვეულებრივი კანონი, საკმაოდ დაბალანსებული, რომლის განხილვაშიც მონაწილეობდნენ ყველა სერიოზული მოთამაშეები ბიზნესის სფეროში. მათ შორის, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, დამსაქმებელთა ასოციაცია, მწარმოებელთა ასოციაცია, ევროპული ბიზნეს ასოციაცია და ა.შ. კანონპროექტის ბოლო განხილვა გვქონდა კაჭრეთში მუხლობრივად, ბატონი რომან კაკულიაც ესწრებოდა, იქ იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები.
შეიძლება მთავრობა რაღაც შენიშვნებს იღებს სხვა მხრიდან, ვგულისხმობ იმპორტიორებს. თუმცა,იმპორტიორი კომპანიების ნაწილიც ჩართული იყო კანონპროექტის განხილვაში. მათ შორის ის დარგებიც, რომლებიც ანტიდემპინგურ კანონს მხარს უჭერდნენ, „ჰაიდელბერგი“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. მონაწილეობდა დისტრიბუტორთა ასოციაცია, ბიზნეს ასოციაცია, რომელშიც მსხვილი იმპორტიორები არიან გაერთიანებული. ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს კიდევ ერთი განხილვა , მაგრამ უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა ,მიიღოს თუ არ მიღოს ეს კანონი, ზუსტი მესიჯი უნდა მოისმინონ იმპორტიორებმაც და მწარმოებლებმაც.“ - ამბობს სილაგავა
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა,მაშინ პროცესი სამუშაო ფორმატს ვერ გასცდა.
2017–2018 წლებში ანტიდემპინგური კანონმდებლობა პარლამენტში არც მთავრობას შეუტანია და შესაბამისად ვერც პარლამენტი იმსჯელებდა.მაშინ „მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე“ ზურაბ უჩუმბეგაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებდა,რომ „ანტიდემპინგური კანონმდებლობა წინა მთვარობის ეკონომიკურმა გუნდმა დაბლოკა“.
ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობის გამო კონკრეტული კომპანიები თუ ბიზნესსუბიექტები ხშირად საუბრობენ ზარალზე, რომელსაც ისინი ბაზარზე ჭარბად არსებული უხარისხო და იაფფასიან საქონელთან კონკურენციით იღებენ. ზოგჯერ ზარალი იქამდეც მიდის, რომ კომპანიები კოტრდებიან,, წყვეტენ ბაზარზე ოპერირებას და ა.შ. შედეგად, უქმდება სამუშაო ადგილებიც. მაგალითად,2018 წლის ბოლოს, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ერთი ღუმელი გააჩერა და მეორის გაჩერებასაც გეგმავდა. მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურაა და ზოგადად, დემპინგის პრობლემაა, რაზეც ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს.
ანტიდემპინგური კანონის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობდა „ჰაიდელბერგცემენტიც“, რომელიც ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე უხარისხო ირანული პროდუქცია დემპინგური ფასებით შემოდის.
მარიამ მორგოშია