მსოფლიო ბაზარზე დაბალმოსავლიანობის გამო ხორბლის ფასი სექტემბრიდან დღემდე 30%-ზე მეტით გაიზარდა. საქართველოში 1 ტონა იმპორტირებული ხორბლის ღირებულებამ გადასახადებისა და ტრანსპორტირების ჩათვლით $300-ს მიაღწია. პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ Commersant-ს განუცხადა, რომ აპრილიდან სუბსიდირების საჭიროება მოიხსნება.
ლევან სილაგავას განცხადებით რუსეთი მთავარ იმპორტიორად ტერიტორიული სიახლოვისა და ფასის გამო რჩება. მისი თქმით ყველა ხარჯის გათვალისწინებით რუსული ხორბლის იმპორტის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო იაფია.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა Commersant-თან საუბარში აღნიშნა საქართველოში ხორბალზე წლიური მოთხოვნა 600-700 ათას ტონას შეადგენს და ადგილობრივი წარმოება მის მხოლოდ 10% თუ აკმაყოფილებს.
სუბსიდირების პროგრამა 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა და მისი ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამა პირველი ხარისხის 50 კგ-იან ტომარა ფქვილზე 15 ლარიან სუბსიდირებას ითვალისწინებს. ლიმიტი თვეში 10 000 ტონაა. ბენეფიციარი ვალდებულია, რომ ფქვილი მასიმუმ 53 ლარად გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სუბსიდირებული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება.
ლევან სილაგავას თქმით სუბსიდირების გარეშე ტომარა ფქვილის ღირებულება 68 ლარს მიაღწევდა რაც აუცილებლად იმოქმედებდა პურის ფასზეც. მისივე განცხადებით აპრილიდან ახალი მოსავლის მიღების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია ფასების კლება, რამაც წესით სუბსიდირების საჭიროება უნდა გააქროს.
გიორგი ელიზბარაშვილი