პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტესტირების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.„ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის მე და მედპერსონალს გვახარებს“,- განაცახადა რატიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული 2 ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge