პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 32 პაციენტი იმყოფება. მათგან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ სამიდან ერთ პაციენტის, 47 წლის ქალის მდგომარეობა არის მძიმე, მეორე პაციენტი კი არის საშუალო სიმძიმის.
„აღნიშნულ შემთხვევაშიც ორმხრივი პნევმონია დადასტურდა, როგორც პირველ შემთხვევაში. მესამე დადასტურებული შემთხვევა შუახნის მამაკაცია, რომელიც ერთ-ერთი ქალბატონის ოჯახის წევრია. მასთან კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე ან სუნთქვის უკმარისობა არ ვლინდება. სულ კლინიკაში 32 პაციენტი გვიწევს. გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები და ველოდებით შედეგებს“, - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, 47 წლის ქალი კლინიკაში შეყვანილია 3 დღის წინ. იგი საზღვარგარეთიდან, ე.წ. წითელი ზონის ქვეყნიდან ჩამოვიდა და 3 მარტიდან აღენიშნებოდა ცხელება.
„სომატურად დამძიმებული ანამნეზი აქვს, აქვს შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. მეორე ქალი შემოყვანილია გუშინ. კონტაქტში იყო 11 რიცხვში კორონავირუსით ინფიცირებულთან. მისი ოჯახის წევრია მესამე პირი და ისინი ცოლ-ქმარი არიან. ეპიდანამნეზიდან გამომდინარე მეოთხეული გადაცემა ამ ეტაპზე არ დასტურდება“, - განაცხადა რატიანმა.
კლინიკის დირექტორის განმარტებით, კლინიკა გაშლილია 146 საწოლზე, მათ შორის - 40 რეანიმაციული საწოლით. კლინიკა დაცლილია თავიდან ბოლომდე. ასევე კლინიკა გინეკოლოგიური მიმართულებითაც მზად არის და ქვეყნის საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ყველა ორსულის მიღება, რომელიც იქნება ინფიცირებული ან ცხელებით მიმდინარე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ერთი პაციენტი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge