ლევან კობერიძე: ტრადიციულ ბაზრებზეც კი პროგრესული მომხმარებელი ნაკლებად ირჩევს ქართულ ღვინოს

ლევან კობერიძე: ტრადიციულ ბაზრებზეც კი პროგრესული მომხმარებელი ნაკლებად ირჩევს ქართულ ღვინოს

access_time2016-04-07 15:30:39

„საით მიდის ღვინის ინდუსტრია“ - ასეთი დამაინტრიგებელი სათაური ჰქონდა მოხსენებას, რომლითაც ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის წინაშე ეკონომიკურ საკითხთა კონსულტანტი, რამდენიმე წიგნისა და უამრავი პუბლიკაციის ავტორი ელიტ მორსი წარსდგა. 


ღვინის ინდუსტრიაში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე გადაცემა „ბიზნეს მენიუში“ წარსულში საქართველოში დარგის პირველი ასოციაციის „ღვინის მწარმოებელთა კავშირის„ თავმჯდომარემ და ამჟამად „ბრენდინგ.გე-ს“ დირექტორმა ლევან კობერიძემ ისაუბრა. 

 

– რა ვითარებაა ქართული ღვინის ინდუსტრიაში და საით მიდის ის?


– თუ ავიღებთ მსოფლიო ინდუსტრიას, მთლიანობაში თუ შევხედავთ,  ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ღვინო წარმოადგენს საკმაოდ რთულ და საინტერესო პროდუქტს, ასევე საინტერესოდ ვითარდება ზოგადად მისი დინამიკა მსოფლიოში. ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ძალიან დიდი კონკურენცია და ეს კონკურენცია უფრო და უფრო მძაფრდება. ეს ჩვენთვისაც საყურადღებო უნდა იყოს, ალბათ და საინტერესო. უფრო და უფრო მიმდინარეობს ნიშებისთვის ნადირობა და მომხმარებლის სეგმენტაცია.  შესაბამისად, უფრო და უფრო რთულდება მომხმარებლის მოპოვება. მთლიანობაში, ასე შეგვიძლია  შევაფასოთ ეს დარგი.

 

– როგორც ელიტ მორსი ამბობს: „მომავლის წინასწარმეტყველება რთულია“,- მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ  - რა ბედი ელის ღვინის ინდუსტრიას?  განვითარდება თუ უფრო და უფრო უკან წავა?


– თუ დავუკვირდებით  მთლიან ტენდენციებს სამომხმარებლო ინსაითების, როგორც ჩვენ ვეძახით  შინაგანი მოთხოვნილებების, ფარულს და არაფარულს და საით მიდის, საერთოდ, კაცობრიობის ტენდენციები პროდუქტების და ბრენდების მოხმარებასთან მიმართებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღვინის ინდუსტრია კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მომხმარებლისათვის, იმდენად, რამდენადაც დღეს არის ტენდენცია, რომელიც ალბათ 20-25 წელი გაგრძელდება: მომხმარებელი, ადამიანი თავის ცხოვრებაში ეძებს უფრო საინტერესოს, უფრო და უფრო უბრუნდება ბუნებრივს, მეტად არის მათთვის საინტერესო არა რაიმეს მოხმარება, არამედ ამ მოხმარებასთან ერთად რაღაც ახლის შეცნობა. „ღვინოშია ჭეშმარიტება“ -ასეთი ფრაზაც კი გვაქვს. მთელ მსოფლიოში ყველამ იცის ეს ფრაზა. ის ძალიან საინტერესოა, თუ დავუკვირდებით, რომ საკმაოდ ბევრ თქმულებაში, ბიბლიურ ისტორიაში და ა.შ. ღვინო მოხსენიებულია, როგორც საკმაოდ საინტერესო ფენომენი. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, შესაბამისად, ღვინო უფრო მეტად საინტერესო  გახდება მომხმარებლისათვის.

 

 – რა შეიძლება შესთავაზონ ღვინის მწარმოებლებმა ან ღვინის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმა მომხმარებლებს, რომ ის უფრო საინტერესო გახადონ ? როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის მთავარი მიზეზი, რის გამოც უფრო საინტერესო გახდება ღვინის ინდუსტრია ?

 

– ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ კარგად დაინახოს ის სურათი, თუ რამდენად საინტერესო ხდება ღვინო, როგორც პროდუქტი სხვადასხვა ქვეყნისთვის. ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც თითქოს არ იყვნენ ღვინის მწარმოებელნი, იმიტომ, რომ 70-იან 80-იან წლებიდან შემოვიდა ეს ტენდენცია, რომ ქვეყნები იყოფოდა ასე - ღვინის მწარმოებელი და არამწარმოებელი ქვეყანა. ტრადიციულად ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რომლებსაც ღვინის წარმოების საუკუნოვანი ისტორია გააჩნიათ და არატრადიციული, ასე ვთქვათ ბაზრები გაჩნდა და მოკლედ რომ ვთქვათ, ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, როგორიც იყო საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ა.შ. 80-იანი წლებიდან ძალიან დიდი ზეწოლის და თავდასხმების ქვეშ მოექცა ახალი მსოფლიოს ღვინის ქვეყნებისაგან, როგორიცაა - ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩილე, სამხრეთ აფრიკა. ისეთი ქვეყნებისგან, სადაც თითქოს, არ იყო მეღვინეობის ტრადიცია, თუმცა იყო და არის კარგი კლიმატური პირობები, ბიზნესმენებმა ამით კარგად ისარგებლეს და მინდა გითხრათ, რომ ძველი მსოფლიოს ღვინოები საკმაოდ შევიწროებულნი არიან, ასე ვთქვათ ახალი მსოფლიოს ღვინოებით. საინტერესო ფაქტს მოგიყვანთ: უკვე დიდი ხანია მაგალითად ინგლისის დედოფლის კარზეც კი ავსტრალიურ ღვინოს ყიდულობენ თანხის დაზოგვის მიზნით, იმიტომ, რომ ხარისხის თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწიეს. შესაბამისად, 2 დიდი კლასტერი ჩამოყალიბდა - ძველი მსოფლიო და ახალი მსოფლიო, მაგრამ ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთმა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა - ვენახების ფართობების მიხედვით, შარშან  საფრანგეთს გაუსწრო და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა ესპანეთი  - 1მლნ ჰა ვენახით. ჩინეთში არის დაახლოებით  800 000 ჰა, ხოლო საფრანგეთში - 770 000 ჰა. ინგლისმა კი შარშან  6 მლნ ბოთლი ინგლისური ღვინო გაყიდა. ძალიან მძიმე წარმოსადგენია, რა ღვინოზეა საუბარი, მაგრამ... წელს აქვს გეგმა - 20 მლნ ბოთლი უნდა აწარმოოს ინგლისის ღვინის ინდუსტრიამ და გაყიდოს. ჩინეთშიც, შესაბამისად, ამბიციები დიდია.  ანუ ისეთი ბაზრებიც კი,  რომლებსაც თითქოს არაფერი ესაქმებოდათ ღვნოსთან, უფრო და უფრო ინტერესდებიან და სთავაზობენ მომხმარებელს საინტერესოს. თუმცა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ტენდენცია, რომელთან ბრძოლაც ახლა მსოფლიოს ცოტა უჭირს.  ახალი მსოფლიოსთვის ღვინო ინდუსტრიული მოდელი უფროა: დიდი მასივები, ჯიშები, იგივე ევროპიდან და ინდუსტრიალიზაცია, იქ ხარჯების იაფიან მოდელზეა  დაფუძნებული და უფრო და უფრო მეტად, სხვათა შორის, ამ ბოლო ტენდენციების მიხედვით, მომხმარებელს რაც მოსწონს, იხრება უფრო ნატურალურობისა და გემოსკენ. არომატი უკანა პლანზე გადადის და წინა პლანზე შემოდის ღვინის სხეული, ღვინის გემოვნური თვისებები და ა.შ. ამ ჭრილში საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ძალიან საინტერესო შეიძლება გახდეს, და არის კიდეც უკვე გარკვეულწილად, მსოფლიო ღვინის ბაზრისათვის.

– საუბრობდით იმ თემასთან დაკავშირებით, რომ შედარებით ახალგაზრდა ქვეყნებმა, რომლებიც აწარმოებენ ღვინოს, ჩაანაცვლეს შედარებით ძველი ქვეყნები და ახსენეთ ფასის ფაქტორი. როგორ ფიქრობთ,  ასეთ შემთხვევაში მთავარი ფასია თუ სხვა მიზეზებიც არსებობს?

– ღვინო, ისევე როგორც სხვა სამომხმარებლო პროდუქტი, ექვემდებარება ყველა იმ კანონს, რომელსაც მარკეტინგი, ბრენდინგი და სამომხმარებლო ქცევა ითვალისწინებს. შესაბამისად, რაც უნდა საინტერესო პროდუქტად გვეჩვენებოდეს ღვინო, ის ამ წესებში ჯდება. არსებობს სეგმენტები, რომელთათვისაც მთავარია დაბალი ფასი, მოიხმარონ როგორც უბრალოდ პროდუქტი; ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ღვინო იყოს ატრიბუტი ყოველდღიური ცხოვრებისთვის; ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ღვინო იყოს მისი სტატუსის გამომხატველი, განსხვავებულობის და ა.შ. ღვინის ინდუსტრიას თუ გადავხედავთ, მომხმარებელთან მიმართებით, სრული სპექტრი გვაქვს წარმოდგენილი. სწორედ ამის თქმა მინდა, რომ კონკურენცია ისე სწრაფად იზრდება, ფაქტობრივად გადაფარა სამომხმარებლო ინსაითები ღვინის ინდუსტრიამ.

– ღვინის კულტურის ფაქტორს რომ შევეხოთ, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ქართველი მომხმარებლებისთვის იაფფასიან ღვინოზე ორიენტირება?

– ქართველი მომხმარებელი, ერთის მხრივ, განებივრებულია იმით, რომ საქართველო არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და პრაქტიკულად ყოველ ოჯახში მოიპოვებოდა და გარკვეულწილად მოიპოვება ე.წ. სახლის ღვინო, რომელიც „პატიოსნად“ მოქცევის შემთხვევაში, საკმაოდ კარგი გემოვნური თვისებებით ხასიათდება და შესაბამისად, ღვინის ფასთან დაკავშირებით ისეთი მიდგომა აქვთ, რომ ის რაღაც ასტრონომიული ფასი არ უნდა ღირდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, ვიტყოდი, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს ძალიან მდიდარი ტრადიცია, რითიც ვამაყობთ. ჩვენ ვართ ერთერთი უძველესი ქვეყანა მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.  საქართველოში XVIII  საუკუნის ბოლოდან დაიწყო უტრირებული ღვინის კულტურა და მეღვინეობის ხელოვნება, როგორც ასეთი, საკმაოდ გვიან შემოვიდა. ბუტილირებული ბოთლის ფასს განაპირობებს სწორედ მსგავსი ტიპის ინდუსტრია და შესაბამისად, საქართველოსთვის ეს არც თუ ისე დიდი ხნის ხილია. უცხოურ ქვეყნებში, სადაც ტრადიცია არსებობდა, მაგალითად შამპანში - შამპანურის წარმოება და ა.შ ალბათ ეს ერთერთი ფაქტორია იმის, რომ ქართველი თვლის, რომ ღვინო არ უნდა ღირდეს ასტრონომიული ფასი. თუმცა , რამდენადაც პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბუტილირებული ქართული ღვინოები, ქართველი მომხმარებლისთვის და არამარტო ქართველი მომხმარებლისთვის საკმაოდ მაღალო საფასო სეგმენტს ეთამაშება თავისი არსებული სიტუაციით.


– როგორ ფიქრობთ, რატომ ღირს თუნდაც ერთი ბოთლი ღვინო 30 ლარი ? რეალურად ხომ არ ჯდება მისი წარმოება ეს თანხა და მწარმოებელი, რომელიც ამას ყიდის, სამჯერ, ოთხჯერ მეტს იღებს...

– ძალიან სწორი და კარგი კითხვაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ღვინო, თავისთავად არის ისეთი პროდუქტი, რომელიც ტექნოლოგიური ციკლიდან, ყურძნის ჯიშიდან, ადგილწარმოშობიდან, მეღვინის ხელოვნებიდან  და მთელი იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელსაც  ღვინო ვაზიდან ბოთლამდე გადის, რა თქმა უნდა, შეიძლება ღირდეს ძვირი. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომხმარებელი არასდროს  აღიქვამს პროდუქტის ღირებულებას განყენებულად, პირიქით - პროდუქტის სიძვირე/სიიაფეს სხვა ალტერნატივებთან შედარებაში განიხილავს.  მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ დამდგარა ის ეტაპი,  როდესაც მომხმარებლებს აქვთ საშუალება გასინჯონ გაცილებით დაბალ ფასად საკმაოდ ხარისხიანი, უცხოური ღვინოები, როგორც ძველი მსოფლიოს, ისე ახალი მსოფლიოს, რომლებიც საკმაოდ დაჩაგრავდნენ ქართული ღვინოების ნაწილს იმ საფასო კონკურენციაში, რაც ახლა არის. დღეს რომ წარმოვიდგინოთ, რომ ქართული ღვინის თარო დარჩეს ისეთ  საფასო სეგმენტში, როგორც ახლაა წარმოდგენილი და გვერდზე დავუწყოთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმოებული ღვინოები, ვნახავთ, რომ ჩვენი თავმომწონეობა ცოტა შეილახება, იმ ფასის შესაბამისობით, რომელსაც უცხოური ღვინოები გვთავაზობენ.  ვფიქრობ,რომ ეს ეტაპი გასავლელი აქვს ქართულ მეღვინეობას.

– ვისი დახმარებით უნდა გაიაროს?

 – ალბათ, ისევ ბიზნესის დახმარებით. უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ იხელმძღვანელებენ ქართველებში გავრცელებული აზრით, რომ  „არ დაილევა ეს უცხოური ღვინო.“ ამ ლოგიკით საფრანგეთში მარტო ფრანგულ ღვინოს უნდა სვამდნენ. იტალიაში - იტალიურს და ა.შ. მე ვთვლი, როგორც ბრენდინგის და მარკეტინგის სპეციალისტი, რომ ეს შეცდომაა და მიმაჩნია რომ საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვთ უცხოურ ღვინოებს საქართველოს ბაზარზე. პირიქით, სწორედ შედარებითობის და შეჯიბრების მომენტი საკმაოდ კარგად იმუშავებს. მით უფრო, ქართველებს გვსიამოვნებს და გვახასიათებს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბრენდების ჩვენი „ლაიფსტაილის“ ატრიბუტად ქცევა. მაგალითად, იტალიური პიცერიები. იტალიური პიცერია საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ შიგნით რომ შეხვალთ, იტალიურ ღვინოს ვერ ნახავთ. მემგონი არავინ იქნება წინააღმდეგი, რომ იტალიურ პიცერიაში იტალიური ღვინო დააგემოვნოს. შესაბამისად, ეს გზა გასავლელი აქვს ქართულ მეღვინეობას.  ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთერთი კარგი ეტაპი, როდესაც ქართველი მწარმოებლები აღმოჩნდებიან კონკურენციაში, თავისსავე მოედანზე და არა ქვეყნის გარეთ და დაინახავენ, რომ ზოგ შემთხვევაში ფასი შეიძლება იყოს ცოტა  მაღალი, ზოგ შემთხვევაში - ხარისხია კიდევ უფრო გასაუმჯობესებელი, ან როგორც მინიმუმ იფიქრებ იმაზე, რომ ქართველი მომხმარებლის მოსაზიდად მეტი ბრძოლა არის საჭირო.

– არის თუ არა შექმნილი სიტუაცია მომხმარებლის ბრალიც?

– მარკეტინგში არის 2 ასეთი ცნება: პირველი, როცა არის მოთხოვნა და მის საპასუხოდ ჩნდება მიწოდება და მეორე, როგორც ჩვენ ვეძახით „მიწოდების ბაზარი“, როდესაც მოთხოვნა ღიად დაფიქსირებული არ არის, არამედ - ფარული ინსაითია,  ანუ რომ იყოს ეს ღვინო - გასინჯავდნენ, რატომაც არა. შეთავაზება თუ იქნება - აუცილებლად იქნება მოხმარებაც.

– მაინტერესებს, რამდენად ხშირად მოგმართავენ ღვინის კომპანიები ბრენდინგისთვის ?

– უკანასკნელი 2 წელიწადია განსაკუთრებით გაიზარდა მომართვა კომპანიებისგან. რამდენიმე კარგი პროექტი გავაკეთეთ უკვე და მიმდინარეობს კიდევაც მუშაობა ამ თემაზე, და საკმაოდ წარმატებულადაც. არ მინდა რეკლამა გამომივიდეს, მაგრამ ჩვენი ბრენდირებული ერთერთი პროდუქტი საკმაოდ მაღალ შეფასებებს იღებს შეფუთვის, დიზაინის თვალსაზრისით. იმედია, ხარისხის და ფასის თვალსაზრისითაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, მაგრამ მომხმარებელიც თავის მხრივ შეაფასებს.

– საქართველოს ბაზარზე არსებულ პროდუქტს გულისხმობთ?

- ეს არის, როგორც ქვეყნის შიგნით ბაზრისთვის,ისე - ექსპორტისთვის. მომართვების უმეტესობაც არის გათვლილი იმაზე, რომ ბრენდმა იმუშაოს როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე - საზვარგარეთ.

– უკვე ბრენდირებულ ღვინოებს შორის თუ არის კონკურენცია ?

– ბრენდირებულ ღვინოებს შორის, რა თქმა უნდა, არის უკვე საკმაოდ დიდი კონკურენცია, ასევე დიდია კონკურენცია მსოფლიო ბაზარზე ქართულ ღვინოსა და უცხოურ ღვინოებს შორის. ცოტა სტატისტიკაზე ვისაუბროთ, რადგან საბოლოო ჯამში ციფრებით გამოიხატება ყველაფერი. ჩვენი მხრივ მართლაც, ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. ბევრი აქტივობა გაკეთდა და კეთდება. მაგალითად - გაეროში ღვინის ქვევრი გვაქვს, რაც ძალიან საამაყოა. ძალიან ბევრი რამ გვაქვს არამარტო საამაყო, არამედ - მარკეტინგის თვალსაზრისით, საინტერესო მომხმარებლისთვის. თუ ქართული ღვინის ინდუსტრიას შევხედავთ, შარშან ექსპორტირებული იყო 40 მლნ ბოთლადმე და დღემდე ისეთი ბაზარი, როგორიც რუსეთია, რჩება დომინანტად. 40-50-53 %-ია დღეის მონაცემებით.

– აქვე მინდა დაგისვათ კითხვა რუსეთის ბაზარზე. მაშინ როდესაც რუსეთი ემბარგოს  პოლიტიკური მიზნებისთვის არაერთი ქვეყნისთვის აქტიურად იყენებს, ქართული ღვინის ექსპორტის ლიდერი ბაზარია და ბოლო მონაცემებით ექსპორტირებულია 12 508 886 ბოთლი. როგორ ფიქრობთ, რატომ რისკავს ასე ქართული ბიზნესი და შესაძლოა თუ არა დღეს ყველაზე დიდი ექსპორტიორი ხვალ ყველაზე დიდ საფრთხედ იქცეს?

– პოლიტიკური რისკი არის ის რისკი, რაც ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს. მთავრობის და ხელისუფლების ამოცანაა, რომ მაქსიმალურად აარიდოს ეს რისკები ქვეყანას, ბიზნესს და მოსახლეობას, ხოლო ბიზნესის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა ეს ქვეყანა საექსპორტოდ. ვფიქრობ, რომ უფრო ბიზნესი რისკავს, ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლებამ დღესდღეისობით შექმნა ის სიტუაცია, რომ, ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს ენდომება პროდუქტის გატანა რუსულ ბაზარზე, - გაიტანს. მერე უკვე ბიზნესის გადასაწყვეტია, გაიტანს თუ არ გაიტანს. ამ რისკს აიღებს თუ არა თავის თავზე. მიუხედავად ამდენი საინტერესო თემატიკისა, რეალურად ერთერთი მთავარი ბაზარი რჩება მაინც რუსეთი და მინდა გითხრათ რომ რუსეთიც თავის მხრივ ამას პოლიტიკურ ჭრილში კარგად იყენებს კიდეც. 

– საქართველოდან დღესდღეისობით გადის სულ 40 მლნ ბოთლი, იმედია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება. მეტი წილი აქედან გადის რუსეთის ბაზარზე. რა არის პრობლემა და საერთოდ არის თუ არა ეს პრობლემა ? 

- მე ვთვლი, რომ არის. როდესაც რისკიან ბაზარზე ქართული ღვინის 50%-ზე მეტი არის განთავსებული, - უკვე პრობლემაა. პრობლემაა დარგისთვის, ბიზნესისთვის, მევენახისთვის და ა.შ. იმიტომ, რომ არაპროგნოზირებადია რუსეთის ქცევა ამ თემატიკასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, რატომ ვერ ვხვდებით ჩვენ სხვაგან  მით უმეტეს არის უამრავი ხელშემწყობი ფაქტორი, მაგალითად საკანონმდებლო ინიციატივები, ევროკავშირთან ინტეგრაცია და ა.შ.  მგონია, რომ არავინ არ გვიშლის  ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანას. 2005-2006 წლებში, როდესაც ქართული ღვინის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე ვიყავი, ჩვენთან გაერთიანებული წარმატებული კომპანიები მაშინაც ახდენდნენ ევროპაში ღვინის ექსპორტს და წარმატებით აგრძელებენ ახლაც. ჩემი აზრით, მთლიანად ინდუსტრია უნდა განვიხილოთ და არა ცალკეული კომპანიები. 

რას ამბობენ ციფრები? მაგალითად ავიღოთ დიდი ქვეყანაც და პატარაც. ავსტრია, რომელიც ყურძნის წარმოების მოცულობით დაახლოებით საქართველოს მსგავსია. მისი საშუალო საექსპორტო ლიტრის ფასი 5-6 ევროა და ყიდის პრაქტიკულად, მხოლოდ ევროპის ქვეყნებში. საქართველო, რომელსაც აქვს გაცილებით ნაკლები ვენახი, ყიდის გაცილებით ნაკლებს, ავსტრიასთან შედარებით და მისი საშუალო საექსპორტო ფასი არის 2 ევრო, რაც ავსტრიის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია. რაღაცა პრობლემაა. მგონია პრობლემა არის კატეგორია ფასი/ხარისხის შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, თემა კომპლექსურია, მაგრამ ღვინო ისეთი პროდუქტია, თავის თავზე თვითონ საუბრობს.  ვფიქრობ, ფასი/ხარისხის პრობლემაა. ამასთან, ვიტყოდი კიდევ იმას, რომ პრობლემა ცალკე ხარისხშიც არსებობს, მთლიანად მასაში. მე არ მინდა ვისაუბრო წარმატებულ კომპანიებზე, რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგი ხარისხი აქვთ, საამაყოები არიან და ქვეყნის სახელი გააქვთ საზღვარგარეთ, მაგრამ ხარისხის დონე არ განისაზღვრება ინდუსტრიის მხოლოდ 10 კომპანიით, თვითონ ნედლეულშია პრობლემა.  საიდან მოდის ღვინის ხარისხი? მოდის ნედლეულიდან. ნედლეული თუ არ იქნა კარგი, ყურძენი და ღვინო ისეთი პროდუქტია, ვერ გააკარგებ. ეს ხომ არ არის მიზეზი, რომელიც უბიძგებს ბიზნესს, გავიდეს  რუსეთის ან ყოფილი „დსთ-ს“ ქვეყნების ბაზარზე, სადაც მომხმარებელი უფრო მეტად მანიპულირებადია, ნაკლებად ერკვევა ღვინის ხარისხში, უყვარს ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომლებშიც უფრო მარტივია ამ  ხარვეზების დაფარვა და ა.შ. ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ დარგმა და ინდუსტრიამ პრობლემა, იმიტომ რომ ნედლეულიდან იწყება ხარისხი, ყურძნიდან იწყება ხარისხი, არამარტო ყურძნის ჯიშიდან, არამედ- ყურძნიდან. დღეს როგორი სიტუაციაა, იცით? სანამ ფერმერული მეურნეობები არ შეიქმნება, არ გაფართოვდება, გამსხვილდება, გადამუშავების ფაქტორები, ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. მაგალითად, თქვენ ხართ ბისნესმენი და გსურთ მიიღოთ ყურძენი, ჩაიბაროთ ყურძენი, ერთი გლეხი გვერდიგვერდ ეზოში სხვა დროს ხნავს მიწას, მეორე - სხვა დროს. ერთი სხვანაირი ქიმიკატებს იყენებდა, მეორემ  სხვა ქიმიკატებით შეწამლა ვენახი, ორივეს საფერავი აქვს, მაგრამ თქვენ გინდათ ერთგვაროვანი ნედლეული, წლიდან წლამდე და გინდათ, რომ ეს ერთგვარი ნედლეული რაღაც ფართობიდან, გლეხებიდან. წესით მწარმოებელს არ უნდა უნდოდეს ვენახების გაშენება, არ უნდა ჭირდებოდეს. მევენახეობა იმგვარად უნდა იყოს განვითარებული საქართველოში, რომ მწარმოებელს და გამყიდველს არ უნდა უწევდეს ვენახთან მუშაობა, ორიენტირებული უნდა იყვნენ ბაზარზე. ვენახს უნდა მოუაროს მევენახემ, ფერმერმა, გლეხმა, მევენახეობის, ასე ვთქვათ, მევენახეების გაერთიანებებმა. სწორედ ეს უკანასკნელია მთავარი. ამ სფეროში ძირეული რეფორმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გატარდეს  და ამაზე აქცენტი სწრაფად გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ კეთდება, ჯერჯერობით გვერდიდან ასე ჩანს, რომ კიდევ უფრო მეტი არის სწრაფად გასაკეთებელი, იმისათვის რომ ქართული ღვინის საშუალო ხარისხი უნდა გახდეს უფრო მაღალი, ვიდრე  ახლაა. ხაზგასმით ვამბობ – საშუალო ხარისხი, ეს მნიშვნელოვანია. არა 10,15,20 კომპანია ძალიან ძლიერი, ხარისხიანი არის მხოლოდ ნაწილი, 20-30%  ქართული ღვინის ინდუსტრიისა, მნიშვნელოვანია რომ მთლიანი საშუალო ხარისხის მაჩვენებელი გაიზარდოს.

იტალიურმა ღვინომ მხოლოდ მაშინ მიაღწია წარმატებას მსოფლიო ბაზარზე, როდესაც მისი ფერმერული მეურნეობების და გაერთიანებებით, ასევე ნედლეულზე ყურადღების გამახვილებით მან მოახერხა სშუალო ხარისხის აწევა.

– რატომ არ უჩნდებათ კომპანიებს სურვილი, გააუმჯობესონ ხარისხი? რეალურად ხარისხის გაუმჯობესება უფრო მეტი სტიმული იქნება და უფრო მეტი შანსი იქნება, რომ გავიდნენ ახალ ბაზრებზე, აწარმოონ უფრო მეტი ღვინო, მიიღონ მეტი შემოსავალი. რატომ არავინ უბიძგებს მათ?

– კომპანიები, რომლებიც ქმნიან წარმატებულ ბრენდებს და სურთ ხარისხიანი ღვინის პროდუქცია, ისინი რთველზე მართლაც ხარჯავენ დიდ ფულად სახსრებს, იღებენ კარგ ყურძენს და აწარმოებენ შესაბამის ღვინოს, მაგრამ რა ვუყოთ იმ დანარჩენ მეღვინეებს, რომელთაც ასევე სურთ ხარისხიანი პროდუქციის ყიდვა, მაგრამ არ არის მეტი ხარისხიანი ნედლეული. არ ვიცი რამდენადაა გადაჭრილი თუნდაც ის პრობლემა, რომელიც წლების წინ იყო, დავუშვათ ვაქირულას ჯიშის, რომლის საკმაოდ დიდი ფართობები იყო საქართველოში, ის ყურძენი ხვდება თუ არ ქართულ პროდუქტში - მე არ ვიცი.

– ანუ,  შეიძლება, რომ მოთხოვნა იყოს კომპანიის მხრიდან, უბრალოდ ვერ დააკმაყოფილოს არსებულმა ბაზარმა?

– თუ არ არის ის ნედლეული, რა უნდა ქნათ თქვენ ? მერე იწყებ ფიქრს, საკუთარი ხომ არ გააშენო. ეს არის მინიმუმ 5-წლიანი პერსპექტივა, ძალიან გრძელი ფული, ჩადებული მევენახეობაში და ძალიან დიდი საოპერაციო ხარჯები. ვინ უნდა მიხედოს ამ საკითხს ?  ამ საკითხზე, მე ვიცი რომ, საკმაოდ ბევრი მსჯელობა არის ღვინის სააგენტოში, ეკონომიკის სამინისტროში, თვითონ მეღვინეებში, ასოციაციებში და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი, მაინც, იქნება ყველას ერთად დასხდომა რაღაც ფორმატით და ჯერ, უპირველესად, პრობლემების აღიარება. რა არის პრობლემა ? თუ ჩვენ ვთვლით, რომ პრობლემა არ გვაქვს ქართულ მეღვინეობაში და არგუმენტად მოვიტანთ მიღებულ მედლებს და გაეროში არსებულ ქვევრს, ასევე ისტორიას და საქართველოს წარსულს, რეალურად ეს არ იქნება პრობლემის გადაჭრის გზა. 

– თუმცა ხაზგასამელია, რომ იყიდება კონკრეტული კომპანიების პროდუქცია...

– დიახ, კონკრეტული კომპანიების. იგივე ყბადაღებული „ჩინეთის თემა“, სადაც 2 მლნ ბოთლზე მეტს შეადგენს ექსპორტი, თუმცა ეს არის თუ არა ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ გვინდა? თუ ჩვენ ვიტყვით, „ხალხო, სად გვეჩქარება, კი ბატონო, ნელ–ნელა გავიზარდოთ“ - ორი აზრი არ არსებობს, ინდუსტრია  უფრო ხარისხიანი ხდება, მაგრამ გადავხედოთ მსოფლიო ბაზარს, იქ წარმოუდგენელი კონკურენციაა, ყველანი ახალ ნიშებს ეძებენ, ახალ პროდუქტებს ქმნიან, მომხმარებლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, სად ვართ ამ დროს ჩვენ? ვამაყობთ, რომ ვართ უძველესი მეღვინეობის ქვეყანა? კი ბატონო, გამოვიყენოთ ეს, მაგრამ საჭიროა მთავარი პრობლემების იდენტიფიცირება. მაგალითად, რა შეუძლია სახელმწიფოს ასეთ შემთხვევაში? სახელმწიფოს შეუძლია ხელი შეუწყოს ექსპორტს რა კუთხით?  მაგალითად : ჩინეთთან ურთიერთობაში, იქ ისეთი მოდელია, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს უფრო ენდობა.  სახელმწიფოს შეუძლია პროდუქცია შეკრიბოს მწარმოებლებისგან და ოფიციალური ეგიდით, ერთიანად მოხდეს დიდი რაოდენობის ექსპორტი. მეორე მხრივ, ექსპორტების დაზღვევა და ფინანსური მხარდაჭერის თემა. 


ძალიან დიდი პრობლემა უდგას ქართულ ღვინოს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელი, რომელსაც უყვარდა და ახსოვდა ქართული ღვინო ტრადიციულ ბაზრებზე, დღეს მიირთმევს ქართულ ღვინოს, მაგრამ მინდა გითხრათ, ერთი ტენდენციაა ტრადიციულ ბაზრებზეც კი - თანამედროვე მომხმარებელი აღარ სვამს ქართულ ღვინოს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. უკრაინაში, ყაზახეთში, რუსეთში, ბალტიისპირეთში ძალიან დამაჯერებლად და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან უკვე ევროპაში ნამყოფები, ნახეს თანამედროვე ცხოვრების წესი, გასინჯეს ის პროდუქტი, ისინი ქართულ ღვინოს „საბჭოთა პროდუქტად“ მიიჩნევენ. მეტსაც გეტყვით: რუსეთის ერთერთი ღვინის კაფეების ქსელის შემსყიდველებთან მქონდა საუბარი, სომელიესთან და ვკითხე, თუ რატო არ ჰქონდა  ქართული ღვინო, როდესაც მსოფლიოს ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი. მან თქვა, რომ ქართული ღვინო მოძველებული იმიჯით არ შეეფერებოდა იმ თანამედროვე გარემოს და იმ რანგის ადამიანებს, ვისაც უწევდათ იქ მისვლა. ესენი იყვნენ: შეძლებული ადამიანები, მფლობელები, მენეჯერები, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების წესით ცხოვრობენ.

– მაშინ, რატომ  არის რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი ექსპორტიორი ქვეყნების ლიდერ 5-ეულში?

– ეს არის მომხმარებლის ჯერ კიდევ ის ნაწილი, რომელსაც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული უყვარს ქართული ღვინო. ნამყოფია საქართველოში, იცნობს აქაურ ტრადიციებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მომხმარებელს უარი არ უნდა ვუთხრათ და ხელი არ უნდა ვკრათ.

– არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება?

– ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, ნელნელა შემცირდება. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც ღვინის მწარმოებელმა ქვეყანამ, ახალ თაობაზე უნდა ვიმუშაოთ. საქართველოშიც კი ახალგაზრდები აღარ სვამენ ქართულ ღვინოს. ეს პრობლემაა ქართული ღვინისთვის. ჩვენი ნებისმიერი ახალგაზრდა დიდი სიამოვნებით დალევს ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ ღვინოს და არ დალევს ქართულ ღვინოს, როგორც ატრიბუტს თავისი ცხოვრების წესის, თორემ, თუ მოხვდა ის ოჯახურ წვეულებაზე, ქორწილში და ა.შ. რა თქმა უნდა, იქ მიირთმევს ქართულ ღვინოს. 

ეს არის ის პრობლემები, რომელზე მსჯელობა იქნებოდა კარგი და ღვინის ტურიზმი, რა თქმა უნდა. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო აქტიურად უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. მოსაზრების დონეზე ვიტყოდი, რომ მე მესმის აბსოლუტურად გლეხის, ფერმერის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია რთველის მიღების პერიოდში, მაგრამ სუბსიდირებას გავუკეთებდი არა მიღებული ყურძნის ღირებულებას, არამედ - ღვინის ტურიზმს.

– როგორ ფიქრობთ, რომელი ღვინო უნდა გახდეს ჩვენი სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში ?

– ჩვენი სავიზიტო ბარათი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, უნდა გახდეს ქართული ღვინის მრავალფეროვნება და არა რომელიმე კონკრეტული. უნიკალურობა თუ საინტერესოობა, იქნება ეს ქვევრში თუ ბოთლში დამზადებული, არის, უპირველესად, ქართული მიწა, ქართული ვაზის ჯიშის მრავალფეროვნება, „ტერო“ (ფრანგული სიტყვა, „ადგილის დედას“ ეძახიან რეგიონებში).




21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up